თეა წულუკიანი - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი დაახლოებით ისეთივე ორგანოა, როგორიც საქართველოში არის აღსრულების ეროვნული ბიურო
თეა წულუკიანი - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი დაახლოებით ისეთივე ორგანოა, როგორიც საქართველოში არის აღსრულების ეროვნული ბიურო

შეკითხვაზე პასუხი ძალიან რომ გავამარტივოთ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი დაახლოებით, ისეთივე ორგანოა, როგორიც საქართველოში არის აღსრულების ეროვნული ბიურო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი და არის თუ არა ის სტრასბურგის სასამართლოს ერთგვარი ზემდგომი ორგანო.

„როდესაც თქვენ საქმეს სასამართლოს განახილინებთ, მოპასუხე იქნებით, თუ მოსარჩელე, თუკი თქვენ საქმეზე სასამართლო საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას განიხილავს, როგორც ვიცით, ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად აღმასრულებელთან მიგვაქვს, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ან ამ ბიუროსთვის მუშაობს. ასეთივე აღმასრულებელი ორგანოა მინისტრთა კომიტეტიც და როდესაც სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას არსებითად გამოიტანს, ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება აღმასრულებელს გადაეცემა. ამ აღმასრულებელს კი, სტრასბურგულ ენაზე მინისტრთა კომიტეტი ჰქვია“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ახლა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეამოწმა, თუ როგორ აღასრულებს საქართველოს მთავრობა ვანო მერაბიშვილის საქმეზე დიდი პალატის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომელშიც მაშინ, ერთ თემაზე, მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა.

„მოწინააღმდეგე მხარე ჯერ მარტში ცდილობდა, რომ მინისტრთა კომიტეტს ამაზე ემსჯელა და შემდეგ ივნისში, მაგრამ არ ჩაინიშნა. ახლა, უკვე, ჩაინიშნა, აღმასრულებელმა ორგანომ განიხილა, შეგვამოწმა, აღსრულება როგორ მიმდინარეობს და დაამტკიცა ის დოკუმენტები, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ, მათივე ვებ-გვერდზე უკვე საჯაროდ დაიდო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.