თეა წულუკიანი - საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალეა პარტნიორობის წევრთა შორის
თეა წულუკიანი - საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალეა პარტნიორობის წევრთა შორის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ღია მმართველობის სფეროში ქართულ გამოცდილებას 6 ქვეყნის მინისტრებსა და 16 ქვეყნის დელეგაციას უზიარებს, ასევე პასუხობს კოლეგებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კითხვებს, თუ როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებას „OGP“-ის ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი ღია მმართველობის სისტემის მშენებლობის საქმეში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ადგილობრივი მთავრობების, არასამთავრობო ორგნიზაციების, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაა.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ერთობლივი და წარმატებული თანამშრომლობით საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში; 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა.

იუსტიციის მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებზე.

„ჩვენ განვსაზღვრეთ ოთხი სტრატეგიული მიზანი, რომელთაგან თითოეულის მიზანი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაა. ესენია: თანამშრომლობის განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ინოვაცია; უკეთესი პარტნიორობის შექმნა. ეს მიზნები სრულ შესაბამისობაშია „OGP“-ის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ ორგანიზაციის სტრატეგიასთან; ამასთან, პირდაპირ ეხმიანება მოქალაქეთა ყოველდღიურობას“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მინისტერილი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ინდონეზიის მთავრობის ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით გახსნა.