თეა წულუკიანი – ელისაშვილი თუ ფიქრობს, რომ „ნაციონალების“ გარეშე კომისიაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ცოტა უცნაური განცხადებაა კაცისგან, რომელიც გვაჯერებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის

13:57, 04.02.2021

ბატონი ელისაშვილი თუ ფიქრობს, რომ „ნაციონალების“ გარეშე მის მონაწილეობას კომისიაში აზრი არ აქვს, ეს ცოტა უცნაური განცხადებაა, იმ კაცისგან, რომელიც ასე გვაჯერებდა ბევრი წლის განმავლობაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის, – ასე ეხმაურება განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას საგამოძიებო კომიიის შექმნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას საშუალება ყველა ოპოზიციურ პარტიას ექნება.

„იქნებიან „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ თუ სხვა ოპოზიციური ძალები, სადაც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, პარლამენტში თუ ქუჩაში, ეს კომისია ყველასთვის ღიაა. თუ ბატონი ელისაშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალების“ გარეშე მის მონაწილეობას კომისიაში აზრი არ აქვს, ეს ცოტა უცნაური განცხადებაა, იმ კაცისგან, რომელიც ასე გვაჯერებდა ბევრი წლის განმავლობაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის. ახლა აქვს შესაძლებლობა, რომ კომისიის თავმჯდომარეც კი იყოს და ამბობს უარს იმიტომ, რომ „ნაციონალების“ გარეშე ამის გაკეთება არ უნდა. მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. კომისია აქ არის, შეიქმნება და ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას ექნება მონაწილეობის საშუალება“, – განაცხადა წულუკიანმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „საგამოძიებო კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია“.

კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაით 3 800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას პარტია, -აღნიშნა ელისაშვილმა.

მსგავსი