თეა წულუკიანი - ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე მისი დანაყოფი „ევროპული საქართველო“
თეა წულუკიანი - ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე მისი დანაყოფი „ევროპული საქართველო“

ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ისე „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი „ევროპული საქართველო“, – ამის შესახებ პარლამენტში მოსმენების შემდეგ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მათ დასვეს კითხვები და არ ისურვეს ჩემი პასუხების მოსმენა. ბატონი ყოფილი სპიკერი, პარლამენტის დიდი გამოცდილების მქონე დავით ბაქრაძე იქამდეც მივიდა, რომ ოსტატურად მიკროფონი გამომირთო, მაგრამ რა თქმა უნდა, პასუხის თავისუფლება ჩემი თავისუფლებაა, მე მაქვს ამის უფლება და გავცემ მათ რამდენიმე არასერიოზულ კითხვას პასუხს.

ისინი ამბობენ მაგალითად იმას, რომ იუსტიციის მინისტრი არ ასრულებს ორ სასამართლო გადაწყვეტილებას, ეს არის სიცრუე, რადგანაც ამგვარი აღსრულებადი სასამართლო გადაწყვეტილებები არც სუბელიანი საქმეზე არსებობს და არც ახობაძის საქმეზე. ეს არის მორიგი სიცრუე, რადგან ერთ შემთხვევაში დავა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოში ახობაძის საქმეზე, რადგან გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ის ადამიანი, ვინც მის პოზიციაზე მუშაობს, ხოლო სუბელიანთან დაკავშირებით საქმის აღსრულების ფურცელი არის დაბრუნებული და ის ამას ასაჩივრებს და დავა აქაც მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს არის მორიგი პოლიტიკური სპექტაკლი და ძალიან დიდი ტყუილი. ეს მე ბევრჯერ ავხსენი, მაგრამ ქუჩაში ცეკვავენ, მემორიალზე ცეკვავენ არ ცალიათ და პასუხების მოსმენა არ უნდათ“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი გამოეხმაურა ოთარ კახიძის მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვასაც.

„რაც შეეხება ბატონ ოთარ კახიძეს, მან თქვა, რომ არგუმენტი იმის შესახებ, რომ მე მისი მოსაწონი ვერ ვიქნები მისივე მოსაწონი იყო მისი უფროსი იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი, ეს არგუმენტი დაძველდაო, ეს არგუმენტი თუ დაძველდა მე მაქვს ახალი არგუმენტი, რომ ის ამჟამად არის მისთვის მოსაწონი – „ორი გვამი მომიტანეს“ მერაბიშვილის ადვოკატი და იბრძვის მისი გათავისუფლებისთვის, მაგრამ ეს გათავისუფლება ვერ ხდება და ვერ მიხდება, რადგანაც ბატონი ოთარ კახიძე სწორედ იმიტომ, რომ არაკომპეტენტურია თავად ჯერ კიდევ მარტში ცდილობდა ბატონი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით. ეს არ გამოუვიდა, არც კი განხილულა იმ სხდომაზე ვანო მერაბიშვილის საქმე სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე და ახლა ცდილობდა ერთი კვირის წინ იგივე მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მერაბიშვილის საქმის გატანას და კახიძის მცდელობა წარუმატებელად დასრულდა.

ამიტომ, რა თქმა უნდა მე მათ შეკითხვებს ვერ აღვიქვამ უკვე სერიოზულად. მაგრამ კიდევ უფრო მეტად მეცინება მათ რეაქციებზე, როცა გადავწყვიტე მათ კითხვებზე პასუხის გაცემა. ბატონმა ოთარ კახიძემ ისიც არ იცის, რომ სამი ექვსიანი პირადობის მოწმობაში ამოღებული იქნა არა ჩემ დროს, არამედ 2011 წელს, როცა ის თავად იყო ადეიშვილის მოადგილე, ასეთი მასშტაბური ტყუილები ასეთ თემაზე ალბათ არის სასაცილო. რაც შეეხება სტრასბურგის მოსამართლის არჩევას, მე მინდა, ღიად მივუსამძიმრო „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მხარდამჭერებს, მომავალი ცხრა წლით საქართველოდან არჩეული ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული მათივე ხელის ბიჭი ან გოგო, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გვყავს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია ევროპულ სასამართლოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.