თეა წულუკიანი - დიდი ტკივილია მოქალაქეების ფიზიკური ზიანი, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ამავე დროს, დიდი ტკივილია ნაცემი, შეურაცხყოფილი პოლიციელი
თეა წულუკიანი - დიდი ტკივილია მოქალაქეების ფიზიკური ზიანი, რომლის აღდგენაც შეუძლებელია, ამავე დროს, დიდი ტკივილია ნაცემი, შეურაცხყოფილი პოლიციელი

უნდა ვეცადოთ, მოვლენები შევაფასოთ ყველა კუთხიდან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„თუ ჩვენ ამ მოვლენებს შევაფასებთ ყველა კუთხიდან და არა მარტო ერთ რომელიმე ჭრილში, ვნახავთ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, პოლიციამ და შსს-მ შეძლეს, პარლამენტზე თავდასხმა და უკანონო შეჭრა თავიდან აეცილებინათ“, – განაცხადა მინისტრმა.

შესაბამისად, წულუკიანის შეფასებით, მათ ააცილეს ქვეყანას ქაოსი და მოვლენების უკანონო განვითარება.

„თუ ჩვენ არ გვინდა, ამას არ დავინახავთ. მე კი ვფქირობ, უნდა გვინდოდეს, რომ მოვლენები შევაფასოთ ობიექტურად. დიდი ტკივილია მოქალაქეების განსაკუთრებით ფიზიკური ზიანი, რომლის ანაზღაურებაც და აღდგენაც შეუძლებელია. ამავე დროს, დიდი ტკივილია ნაცემი პოლიციელი და ძალიან დიდი ტკივილია, როცა პოლიციელი არის შეურაცხყოფილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, მოვლენებს საზოგადოებამ ყველა კუთხით უნდა შეხედოს.

„არასდროს ვყოფილვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, არ შეიძლება,  მინდოდეს, რომ გავაკეთო ასეთი განცხადებები, რომელსაც ვამბობთ  – „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“, რადგან არ მაქვს ამ სიბრძნეზე არანაირი პრეტენზია. რა თქმა უნდა, როცა სპეცოპერაცია ტარდება არ არსებობს სპეცოპერაცია, რომელსაც არ ჰქონდეს ხარვეზები. ასეთი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, რადგან სპეცოპერაცია არის იმის, რომ ის ხორციელდება განსაკუთრებული მოვლენების თავიდან აცილების მიზნით“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, სპეცოპერაციის მართვა გაცილებით მძიმე რეჟიმში ხდება, ვიდრე სპეცოპერაციის კომენტირება.

„20 ივნისის მოვლენების პირობებში, იმ უკანონო თავდასხმის პირობებში, რაც პარლამენტზე განხორციელდა და ამას ჰქონდათ ილუზია, რომ ხელისუფლებას ჩამოაგდებდნენ და ქვეყანას გადააგდებდნენ რამდენიმე წლით უკან, ამის თავიდან აცილება შეძლეს. იყო ხარვეზები, მაგრამ როდესაც მართავ სპეცოპერაციას,  მაშინ ადამიანი გაცილებით უფრო მძიმე რეჟიმში ხარ, ვიდრე სპეცოპერაციის კომენტირების პროცესში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.