თეა წულუკიანი - დიახ, ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და 2011 წელს ჰააგაში წაგებული დავა
თეა წულუკიანი - დიახ, ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და 2011 წელს ჰააგაში წაგებული დავა

დღეს ხშირად ისმის, არ ავირჩევთ ჩვენ მოღალატე პრეზიდენტს – ვეთანხმები „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა ჩვენთვის არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და ეს 2011 წლის ჰააგის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ წააგეს დავა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემდეგ გვაქვს რამდენიმე სცენარი განხილვაში, რომ ეს 2011 წელს სამარცხვინოდ წაგებული დავა, როგორმე შევატრიალოთ და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიყენოთ, როგორც ახალი გარემოება. რადგან იმ გადაწყვეტილების, რომლითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ჰააგიდან დაბრუნდა, ერთადერთი შებრუნების მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც მე უნდა ვცადო მაინც, რომ საქმე შევატრიალო. დღეს ხშირად ისმის – არ ავირჩევთ ჩვენ მოღალატე პრეზიდენტს – მე ვეთანხმები ,,ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა ჩვენთვის არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და ეს 2011 წლის ჰააგის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ წააგეს დავა. ეს უფრო არის მოღალატეობრივი და კითხვები არის პასუხგასაცემი. მილიონობით დოლარი რომ დაიხარჯა ამის ადვოკატირებაში, რატომ დადგა ეს მარცხი. დღეს ეს ჩემი ტვირთია, რომ საქმე შევაბრუნო, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა და ამისთვის ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო. როგორც მინისტრი განმარტავს აღნიშნული გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების „შებრუნების“ ერთადერთი მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეეცდება, საქმე საქართველოს სასარგებლოდ შეატრიალოს.

„ჰააგის სასამართლო, სადაც საქმის “შებრუნებაზე” დღეს ბევრს ლაპარაკობენ, არის გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლო. ამ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო. ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო, გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამ სასამართლოში, სადაც სახელმწიფოები დავობენ, პირველი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელი იქნა უარყოფილი. ეს იყო საქართველოსთვის სამწუხარო მარცხი. ჩვენი მთავრობა საქართველოს სახელით ჩიოდა, რომ 90-იანი წლებიდან რუსეთი აწარმოებს ჩვენს ტერიტორიაზე იმგვარ ქმედებებს, რომელიც შიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დებულებების დარღვევა. ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი ამას აკეთებს. ოღონდ იმდენად არაკომპეტენტურად და შეიძლება, ნაჩქარევადაც იყო შედგენილი სარჩელი, რომ რუსეთმა საქართველოს ეს საქმე, სამწუხაროდ, მოუგო. ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო.

2011 წლის პირველ აპრილს, მე არ გახლდით ხელისუფლებაში მაშინ და მათ ეს დავა წააგეს. როდესაც მე მივალ პარლამენტში, იქით მექნება კითხვები, როგორ მოხდა ეს. მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ ამ დავის წარმოებაში ასტრონომიული თანხები დახარჯა და მჭირდება პასუხი კითხვაზე, როგორ მოხდა ეს. როგორ უნდა “შებრუნდეს” ეს საქმე? სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე აგვისტოს ომის დავაზე დიდი იმედი მაქვს, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული, მაგრამ მინდა ყველას ესმოდეს, რომ რუსეთთან ბრძოლა არ არის მარტივი, მას ბევრ რამეზე მიუწვდება ხელი, მათ შორის არაკანონიერი რესურსიც გააჩნია და წესების დარღვევით ბრძოლაც შეუძლია“,- განაცხადა წულუკიანმა.