თეა წულუკიანი - დღევანდელი განცხადება გახარიას გუნდისთვის არის უმძიმესი, დღეიდან ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი
თეა წულუკიანი - დღევანდელი განცხადება გახარიას გუნდისთვის არის უმძიმესი, დღეიდან ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი

ინფორმაცია, რაც ირაკლი კობახიძეს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა წყაროდან, ამ წყაროებზე თავად ისაუბრებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ისაუბრებს მხოლოდ საჯარო განცხადებებზე და აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.​

„ინფორმაცია, რაც ირაკლი კობახიძეს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა წყაროდან, ამ წყაროებზე თავად ისაუბრებს. ეს მისი წყაროებია. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის საჯარო განცხადებები და რაც არის დღევანდელი საჯარო განცხადება, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესებისთვის, უმძიმესი განცხადება გახარიას გუნდისთვის, რომლის წევრებიც, მათ შორის „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივში დადიოდნენ და ჩვენი პარტიის წევრებს ეუბნებოდნენ, ჩვენკენ გადმოლაგდით, რადგან ჩვენ ვართ ივანიშვილის პროექტიო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული, რბილად რომ ვთქვა. დღეიდან ამ დისკუსიას დაესმევა წერტილი და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.

როდესაც ამბობ თათბირებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში როგორც ლიდერი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობისა და დიდი ძალაუფლების მქონე პირი, როგორც პოლიტიკური რესურსის მქონე პირი, რომ კანონი არის აღსასრულებელი და კანონის აღსრულებასთან როცა მიდის საქმე, ბოლო მომენტში გამოეცლები საკუთარ გუნდს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.