თეა წულუკიანი -  მე რომ მირზა სუბელიანის შვილი ვიყო, სააკაშვილს ვუჩივლებდი, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა პრეზუმფციის დარღვევაზე ბავშვი ყოფილ პრეზიდენტს უჩივის
თეა წულუკიანი -  მე რომ მირზა სუბელიანის შვილი  ვიყო, სააკაშვილს ვუჩივლებდი, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა პრეზუმფციის დარღვევაზე ბავშვი ყოფილ პრეზიდენტს უჩივის

სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ, რომ ყველა პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი ცდილობდა, იმ რაშს მოხტომოდა, რომელსაც ეს საქმე ჰქვია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს რაში არ არის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს სისხლის სამართლის საზარელი საქმეა. ეს ბავშვთა შორის მკვლელობაა და რეალურად, ვისაც არ დაეზარა, ამ ბავშვების ციხეში ჩაყრას ითხოვდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მირზა სუბელიანის შვილმა მკვლელობა ჩაიდინაო, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„შესაძლოა, მომავალში იყოს, მაგრამ დღეს არ არსებობს. სააკაშვილის განცხადებას კარგად უნდა მოსმენა. მის მოსასმენად ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ მე რომ სუბელიანის ბავშვი ვიყო, სააკაშვილს ვუჩივლებდი და ალბათ, ეს პირველი შემთხვევა იქნებოდა, როცა პრეზუმფციის დარღვევაზე ბავშვი ყოფილ პრეზიდენტს უჩივის“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი შოთაძე იყო მთავარი პროკურორი, ვინც ბაჩო ახალაიას, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და სხვების საქმეზე მყარი მტკიცებულებებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები დააყენებინა.

„ასე რომ, რაც ხდება, გასაგებია ალბათ და მომავალში კიდევ უფრო გასაგები გახდება”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ორმოცდაათამდე ბავშვის მშობლებს მიმართა, საკუთარ შვილებთან იმუშაონ, რათა ყველამ სიმართლე თქვას.

„თუ ეს ბავშვები სიმართლეს არ იტყვიან, გამოძიება ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ჩიხში იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.