თეა წულუკიანი - დღეს ხმამაღლა გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება ახალი არჩევნები, სააკაშვილის გათავისუფლება, საქართველოს დელეგაცია არ დაეთანხმება არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას ევროსაბჭოს მხრიდან
დღეს ხმამაღლა გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სააკაშვილის გათავისუფლება, საქართველოს დელეგაცია არ დაეთანხმება, არ შეეგუება არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას ევროსაბჭოს მხრიდან, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში განაცხადა.
წულუკიანი გამოეხმაურა სამი ოპოზიციური გაერთიანების მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ფრაქციებისთვის მიმართვას, რომ ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება.
წულუკიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდს მყარი არგუმენტები აქვს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საზოგადოებას ვუთხრათ და ვაცნობოთ, რა ხდება ადგილზე. დღეს 27 იანვარია და ჩვენ გვაქვს ასეთი სასტარტო პოზიცია. არსებობს ჩვენი ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს, რათა აქაური ასამბლეა დაარწმუნოს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს დაშვებული ასამბლეაზე; ასევე არსებობს ორი სხვადასხვა შუამდგომლობა, რომელიც რამდენიმე დღეა, ელექტრონულად ტრიალებს. ერთს აქვს 24 დეპუტატის მხარდაჭერა, მეორეს, თუ არ ვცდები, 28. ორივე შუამდგომლობა მიზნად ისახავს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში თქვას, რომ საქართველომ არ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები. ეს შუამდგომლობები ითხოვენ, საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პრეზიდენტად აღიაროს სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი; ეს შუამდგომლობები ითხოვენ, რომ საქართველოს დაევალოს ახალი არჩევნების ჩატარება. ასევე, კულუარებში ისმის, რომ შეიძლება გაჟღერებული იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ეს არის საჯარო, გაცხადებული და გაუცხადებელი მოთხოვნები. რასაკვირველია, ისმის გარკვეული სურვილის შესახებ, რომ შეიცვალოს სხვადასხვა კანონი, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც თქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებას გარკვეული მზაობა აქვს მხოლოდ ამ მიმართულებით თანამშრომლობის. ჩვენ ვეუბნებით ყველას, ვისაც შევხვდით და დღეს კიდევ ხმამაღლა ვიტყვით, გავიმეორებთ, რომ არ იგეგმება არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც ვთანამშრომლობდით თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში. საქართველო და მისი დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, არ დაეთანხმება, არ შეეგუება არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ვნახოთ, რა გამოვა ამ ყველაფრიდან.
შუამდგომლობებს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არის აღძრული, ძირითადად ხელს აწერენ უკრაინელი და ბალტიისპირელი დეპუტატები, რამდენიმე პოლონელი, ფრანგი და სხვადასხვა ეროვნების დეპუტატი. ერთ შემთხვევაში – 24, მეორე შემთხვევაში – 28. ვინაიდან საჭიროა მხოლოდ 30 ხმა და მეტი არა, გვაქვს მოლოდინი, რომ საკითხი აღიძვრება იმასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყოს განხილვა, არის თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია უფლებამოსილი. არ ველოდები, რომ ამ საკითხის განხილვა არ მოხდება. განხილვა დაიწყება, რადგან ამხელა ასამბლეაში მხოლოდ 30 ხმაა ამისთვის საჭირო. ამიტომ დღეს ეს საკითხი იქნება. განიხილება ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი ბრძოლა არგუმენტებისა გაიმართება ხვალ. ოთხშაბათს, ველოდებით, რომ იქნება კენჭისყრა, სადაც გადაწყდება, ჩვენს დელეგაციას არ დაუშვებენ ევროსაბჭოს ასამბლეაზე, როგორც ეს გაუხარდება ჩვენი ქვეყნის მტერ ქართულ ოპოზიციას, თუ დაუშვებენ და გააგრძელებს სრულფასოვან წევრობას, რომელიც 90-იან წლებში მოიპოვა. ჩვენ ვართ ძალიან მშვიდად, რადგან ვართ მართლები და ქართველი ხალხი არის მართალი. ამავე ორგანიზაციაში მე და „ქართული ოცნების“ გუნდი ვამტკიცებდით იმას, რაც არავის სჯეროდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იყო მართალი ყველა სასამართლო დავაში. იყო ღიმილნარევი შენიშვნებიც – თქვენ გგონიათ, ახლა რუსეთს მოუგებთ? ხომ მოვუგეთ და თან არაერთი დავა. ამიტომ, მართლები როცა ვართ, უნდა ვიყოთ მშვიდად, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები. უმრავლესობა ქვეყნებში ელექტრონული მანქანების მეშვეობით არცერთხელ ჩატარებულა არჩევნები, ზოგ ქვეყანაში ელექტრონული პირადობის მოწმობაც კი არ არსებობს, ამ დროს ჩვენ მაღალ დონეზე ვატარებთ არჩევნებს, რომელზეც ყველა აუდიტი, დასავლური კომპანიები ამბობენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურის გაყალბება შეუძლებელია. ასევე წარმოუდგენელია, ვინმემ გააყალბოს არჩევნები, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის ასიათასობით ხმის სხვაობაა და ბევრი სხვა არგუმენტია, რომელიც აბსოლუტურად მშვიდად გვამყოფებს. ჩვენ, თითქმის 30 წელია, ვართ საუკეთესო წევრები, საუკეთესო მოსწავლეები, თუ გნებავთ ეს სიტყვა გამოვიყენოთ და ასეც გავაგრძელებთ, თუ იქნება მათი ნება. ვნახოთ, როგორ წარიმართება დებატები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც მილიონ ორასი ათასი ადამიანია, ჩვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს. რა გამოვა, ამას უკვე სამშაბათს და ოთხშაბათს სტრასბურგიდან ვაცნობებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.