თეა წულუკიანი - დავრჩები თუ არა მინისტრად, ვიქნები „ქართული ოცნების“ მთავარი მოთამაშე, გაცილებით თავისუფალი ჩემს გამონათქვამებში, მოქმედებებში
თეა წულუკიანი - დავრჩები თუ არა მინისტრად, ვიქნები „ქართული ოცნების“ მთავარი მოთამაშე, გაცილებით თავისუფალი ჩემს გამონათქვამებში, მოქმედებებში

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იქნება თუ არა მინისტრთა ახალ შემადგენლობაში, მისთვის აბსოლუტურად სულერთია. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იქნება თუ არა მინისტრი, დარჩება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად.

„მე მინდა, იმ ადამიანებს, ვინც ამ კითხვას სვამენ, ვუთხრა, ახალ შემადგენლობაში თუ არ ვიქნები, მე ვიქნები გარეთ, მე მექნება გაცილებით უფრო დიდი თავისუფლება პოლიტიკურ ასპარეზში, ჩემს გამონათქვამებში, ჩემს პოზიციებში. ნურავის ექნება ილუზია – ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდამჭერი, ვიქნები შიგნით თუ ვიქნები გარეთ. ამიტომ, ოპონენტებისთვის ჩემი შიგნით თუ გარეთ ყოფნით არაფერი არ იცვლება, პირიქით, გარეთ უფრო თავისუფალი, მოქმედი პირი ვიქნები, უფრო ძლიერი, რადგან სტატუსი არ მექნება და კიდევ უფრო შემტევი, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ამ ქვეყანას უფრო სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია სჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა წულუკიანს კონსულტაციები მომავალში იუსტიციის მინისტრად დარჩენასთან დაკავშირებით.

„მე რა თქმა უნდა მქონდა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში, მაგრამ ჩემთვის სულერთია, ვიქნები თუ არა, რადგან მე ჩემს ოპონენტებს აქ, პარლამენტის ამ ისტორიულ შენობაში ვეუბნები შემდეგს, თუ არ ვიქნები ახალ შემადგენლობაში, მე ვიქნები არა შიგნით, არამედ გარეთ ისევ „ქართული ოცნების“ მთავარი მოთამაშე, გაცილებით ძლიერი, გაცილებით თავისუფალი ჩემს გამონათქვამებში, პოზიციებში, მოქმედებებში. აქედან გამომდინარე, ვიყავი და ვარ და სანამ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკურ სცენაზე, ვიქნები შიგნით თუ ვიქნები გარეთ, ამ გუნდის გუნდური მოთამაშე და მისი გამაძლიერებელი. გარედან ამას კიდევ უფრო კარგად შევძლებ, კიდევ უფრო კარგად შეეშინდებათ ჩემ ოპონენტებს, როცა ვიქნები გარეთ, მათ მიერ დასმულ კითხვებზე ჩემი პასუხების მოსმენა. ამიტომ, მე მათ ვუსამძიმრებ ჩემ არსებობას პოლიტიკურ სცენაზე და ისინი, როგორც ბატონმა ბოკერიამ ერთხელ, მგონი დეკემბერში პარლამენტში თქვა, დიახ, მას მოუწევს თეა წულუკიანის ატანა პოლიტიკურ სცენაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის თქმით, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანების საკითხზე შედგება კონსულტაციები.

„კონსულტაციები შედგება და ვინც იქნება იუსტიციის მინისტრი, გიპასუხებთ. თუ მე ვიქნები, გიპასუხებთ, თუ სხვა იქნება, სხვა გიპასუხებ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.