თეა წულუკიანი - დაველოდებით იმ მომენტს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაჯანსაღდება ვითარება და საქართველოს ექნება საკუთარი ინტერესების ღირსეულად დაცვის შესაძლებლობა
ჩვენ დაველოდებით იმ მომენტს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეაში გაჯანსაღდება ვითარება და საქართველოს ექნება საკუთარი ინტერესების ღირსეულად დაცვის შესაძლებლობა, – განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ევროსაბჭოდან რეზოლუციის ფორმით მიღებულ ახალ მოთხოვნებს, რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ დაკავებული დემონსტრანტები და რა განცხადებას გააკეთებს რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც გაკრიტიკებულია ბოლო თვეებში მიღებული კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები თუ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, ხოლო ახალი არჩევნების დასანიშნად არის მოწოდება ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური დიალოგის დაწყებისკენ.
„მე ვფიქრობ, როგორც უკვე ყოფილი დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, იმიტომ, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენ დელეგაცია აღარ გვყავს. იმ დელეგაციას, რომელიც იანვარში იყო იქ წარგზავნილი, მე მხვდა წილად პატივი და ვხელმძღვანელობდი, შემდეგ ეს დელეგაცია, საპარლამენტო უმრავლესობამ და ბიურომ გადაწყვიტა და გაუქმდა. ჩვენ, ყველამ დავტოვეთ ჩვენი ადგილი. მაშინ, ყველა მოსმენაზე ჩემს ევროპელ კოლეგებს, ლატვიელ კოლეგა ქალბატონს, პოლონელ კოლეგა მამაკაცს და, რა თქმა უნდა, უკრაინელ დეპუტატებს, რომლებიც პირდაპირ შეურაცხყოფაზე იყვნენ გადმოსული, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ჩემთვის ჩვეული ტერმინოლოგიით და პირდაპირობით ვეუბნებოდი, ნუ ჩაწერთ ამ მოთხოვნებს, რადგან ჩვენ ამ მოთხოვნებს არ შევასრულებთ, იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით-მეთქი. ვეუბნებოდი, თუ თქვენ მაინც ამას ჩაწერთ, თქვენვე აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს დარჩება შეუსრულებლად-მეთქი. ისიც დავუზუსტე, რომ მე იქ წარმოვადგენ არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს და, შესაბამისად, ესეც ვუთხარი, რომ მაქვს მანდატი, ხელისუფლების სახელით ვილაპარაკო, ვინაიდან ხელისუფლება მარტო პარლამენტი ხომ არ არის? ესეც დავუზუსტე, ხელისუფლების სახელით შემიძლია გითხრათ-მეთქი, რომ ეს მოთხოვნები, თითოეული და, პირველ რიგში, არჩევნების თავიდან ჩატარება, ჩვენი ამომრჩევლის ღალატი მიუღებელია და ჩვენ არცერთ ამ მოთხოვნას არ შევასრულებთ-მეთქი. ეს, რა თქმა უნდა, მათთვის უსიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ ვერავინ ვერ დაგვაბრალებს, რომ ჩვენ არ ვიყავით გულახდილები. მათ მაინც საკუთარ მახეში გაიბეს თავი და ეს მოთხოვნები ჩაწერეს, იცოდნენ რა, რომ ეს მოთხოვნები ჩვენ მიერ არ შესრულდებოდა. ჩვენ ამის შემდეგ დავტოვეთ საპარლამენტო ასამბლეა, შევიჩერეთ იქ მონაწილეობა, დელეგაცია გაუქმდა და ახლა უკვე ვიხილეთ ნამდვილად სასაცილო სანახაობა და მტკივნეულიც. მე იმ ორგანიზაციაში 10 წელი ვიმუშავე და ვერ ვიტყვი, რომ მიხარია ეს პათეტიკური სანახაობა, რაც იქ ვნახეთ, რომ საქართველოს დელეგაცია აღარ არის სახეზე. დელეგაცია, რომელმაც გააფრთხილა, ნუ ჩაწერთ ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც არ შესრულდებაო, მაინც ჩაწერეს, აპრილამდე შეასრულეო, აპრილში შეიკრიბნენ და სად არის დელეგაცია? ფაფუ, აღარ არის დელეგაცია და საკუთარ თავს დაუწყეს ლაპარაკი იმ მოთხოვნებზე, რომლებიც თვითონვე ჩაწერეს. ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. ჩვენ დაველოდებით იმ მომენტს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეაში გაჯანსაღდება ვითარება და საქართველოს ექნება საკუთარი ინტერესების ღირსეულად დაცვის შესაძლებლობა“, – განაცხადა წულუკიანმა.