თეა წულუკიანი - დავადგინეთ, რომ 2011 წელს შედგა ის ჯგუფი, რომელიც დღემდე რესტავრაციას უტარებს გელათს
თეა წულუკიანი - დავადგინეთ, რომ 2011 წელს შედგა ის ჯგუფი, რომელიც დღემდე რესტავრაციას უტარებს გელათს

დავადგინეთ, რომ 2011 წელს შედგა ის ჯგუფი, რომელიც დღემდე რესტავრაციას უტარებს გელათს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. 

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, კომიტეტმა მოაწყო გასვლითი სხდომა და დახურულ სხდომაზე ცნობილი გახდა საოცარი ფაქტები.

„დავადგინეთ, რომ 2011 წელს შედგა ის ჯგუფი, რომელიც დღემდე რესტავრაციას უტარებს გელათს, რომ მრავალი წელია, მათ აქვთ დარღვევები, ხარვეზები და რეალურად, მართალია, გამოძიება მიმდინარეობს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ქმედითი ღონისძიებები, რადიკალური, რომ გაშორდი ძეგლს, რომელსაც შენ მოწოდების სიმაღლეზე ვერ უვლი არ ყოფილა. დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მე ასე წავიკითხე, რომ მათ ეს გადაწყვეტილება როგორც იქნა მიიღეს. 2011 წელს შერჩეული კომპანია, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მოუტანა ამ პროცესს, ჩამოშორდა ამ პროცესს. ნამდვილად არის საგამოძიებოდ საქმე, რადგან როგორ მოხდა 2011 წელს სწორედ ამ კომპანიის შერჩევა, როგორ ნაწილდებოდა ფინანსური რესურსი, ეს კითხვები არსებობს. უფრო მთავარია, რომ ძეგლის მაღალი ხარისხის შენარჩუნება მოხდეს. ჩვენ გამოვეცით რეკომენდაციები, პარლამენტის კომიტეტს შეუძლია რამდენიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ კენჭი ვუყარეთ ქუთაისის ეროვნულ არქივში სხდომაზე და ექვსი რეკომენდაცია გამოვეცით და ზოგ შემთხვევაში სამდღიანი ვადა მივეცით სააგენტოს შესრულებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში 10-დღიანი. ერთ შემთხვევაში 10-თვიანი ვადა, რათა სრული შესწავლა მოხდეს ძეგლის ყველა მიმართულებით და დაიდოს კვლევაზე დაფუძნებული პროექტი, რადგან ასე ბრმად სიარული, რომ ეს კრამიტი გაამართლეს და ის არა, ეს უბრალოდ ზედაპირულობაა. მთავარი არის ის, რომ იქ, სადაც სამი დღე ყო ვადა დადგენილი, ის შესრულდა ნაწილობრივ თუ სრულად, დოკუმენტაციას ველოდებით, ამიტომ საპარლამენტო კონტროლი ამ შემთხვევაში თუ პირველი ნიშნებით ვიმსჯელებთ, არის საკმაოდ ქმედითი და ჩვენ სწორედ ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.