თეა წულუკიანი და კელი დეგნანი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში მაღალტექნოლოგიური საკალათბურთო დარბაზის გახსნას დაესწრნენ
თეა წულუკიანი და კელი დეგნანი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში მაღალტექნოლოგიური საკალათბურთო დარბაზის გახსნას დაესწრნენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში კალათბურთის სასწავლო პროგრამის, Shoot 360 Tbilisi-ის მაღალტექნოლოგიური დარბაზის გახსნას დაესწრო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ხელაძე, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი გიორგი ალავიძე და სპორტსმენები.

სტუმრებმა დარბაზი დაათვალიერეს და ზაზა ფაჩულიასგან მის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ დღეს, ქართული კალათბურთისთვის მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ზაზა ფაჩულიას ინიციატივითა და ინვესტიციით მისივე აკადემიაში გაიხსნა მაღალტექნოლოგიური დარბაზი. მინისტრის თქმით, ეს დარბაზი იქნება უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ გამოცდილი, მაღალი მიღწევების მქონე სპორტსმენებისთვის, არამედ ასევე მიმზიდველი იქნება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უფრო მეტი პირის ჩართვას სპორტის მოცემულ სახეობაში.

Shoot 360 ამერიკული პროექტია, რომლის პირველი ფილიალი ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა საქართველოში, თბილისში დაარსდა. Shoot 360 Tbilisi არის მაღალტექნოლოგიური სავარჯიშო დარბაზი მწვრთნელის გარეშე, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტსა და სპორტსმენთა საჭიროებას პასუხობს.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.