თეა წულუკიანი - ჩვენს ქვეყანაში ომიანობის საფრთხე დაშვებული არ იქნება, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება განცხადებებს, რომელსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო და ომის მომხრე ადამიანები გააკეთებენ
თეა წულუკიანი - ჩვენს ქვეყანაში ომიანობის საფრთხე დაშვებული არ იქნება, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება განცხადებებს, რომელსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო და ომის მომხრე ადამიანები გააკეთებენ

ვგმობ ბატონი გივი თარგამაძის განცხადებას და ღია მოწოდებას ძალადობისკენ, ახლა გამოსარკვევი მხოლოდ ის დარჩა, მან რატომ აირჩია ეს მომენტი ამის სათქმელად, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს, გივი თარგამაძის განცხადებაზე, სადაც თარგამაძე აღნიშნავს: „მარტის პროტესტის დროს ამბობდნენ, პოლიციის მანქანა როგორ დაწვესო, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

მისი თქმით, ქვეყანაში არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე არ არსებობს.

„როგორ მოახერხა ამის გამოთქმა, რადგან ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, დაწვაზე, მანქანების განადგურებასა და სხვა ტიპის ძალადობრივ აქციაზე იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში და უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება რისკის დონეზეც კი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ უპასუხისმგებლო და ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს, რომლებსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო, ომისა და არეულობის მომხრე ადამიანები გააკეთებენ“, – განაცხადა წულუკიანმა.