თეა წულუკიანი - ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი და უცვლელი, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ
თეა წულუკიანი - ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი და უცვლელი, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ

ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ პოზიციას საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგში, ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში იცავს.

„რაც შეეხება აგვისტოს ომს, ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი. ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, საქართველომ მაისში, სტრასბურგში ღია სხდომაზე წარადგინა რადარის მონაცემები, სადაც მთელი ქართული საჰაერო სივრცე, საქართველოს სუვერენული საჰაერო სივრცე სავსეა რუსული თვითმფრინავებით და იქ არც ერთი ქართული თვითმფრინავი არ არის.

„ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა სამხედრო და სამოქალაქო ხასიათის მტკიცებულებაც, რითაც დასტურდება, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის, ტერიტორიებზე და არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში. ჩვენ, ქართულმა მხარემ, რეალურად ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თუნდაც, დროულად მომხდარიყო კონფლიქტის ხაზიდან უკან დახევა, რათა უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო აცილებული თავიდან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, იმედიანად არის განწყობილი, რომ საქართველოს ისტორიაში სულ მალე, პირველად იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

„აქამდე ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური და მაღალი დონის დოკუმენტები გვაქვს. ახლა საჭიროა, გვქონდეს სასამართლო ხასიათის დოკუმენტიც, რაც შემდეგ მომავალ თაობებს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომაც ეს არის ის პოზიცია, რომელსაც ვიზიარებ, რომელზეც მყარად დგას ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური მმართველი გუნდი და პარტია. დღეს მე არ ვაპირებ, რამე კომენტარი გავაკეთო ნებისმიერ ისეთ განცხადებაზე, რომელიც, თუნდაც, ოდნავ განსხვავდება ამ პოზიციისგან; რომელიც არის ქართველი ხალხის და, თუნდაც, იმ ქალების პოზიცია, რომელთაც დღეს ჩვენ აქ, ტყვიავში ვხვდებით და არიან ომით დაზარალებულნი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში, 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

დატოვე კომენტარი