თეა წულუკიანი - ჩვენი მთავრობის სტილი არ არის, რომ საზოგადოებას თავს მოახვიოს სიახლეები, რომლებიც არ უნდათ
თეა წულუკიანი - ჩვენი მთავრობის სტილი არ არის, რომ საზოგადოებას თავს მოახვიოს სიახლეები, რომლებიც არ უნდათ

ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების სტილი არ არის, რომ საზოგადოებას თავს მოახვიოს სიახლეები, რომლებიც არ უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კანაფის კულტივაციის კანონის განხილვის გადადების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კანაფის კულტივაციის საკითხზე ჩასატარებელია სამუშაოები, რათა ყველა დაინტერსებულ ჯგუფსა  მიეწოდოს ინფორმაცია, რას გულისხმობდა მთავრობის ეს საკანონმდებლო ინიციატივა.

მისივე თქმით, მარიხუანას კულტივაციის საკითხზე არ დარჩეს კითხვის ნიშნები.

„ვფიქრობ, ამგვარი სიახლე მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას ექნება ფართო მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების სტილი არ არის, რომ საზოგადოებას თავს მოახვიოს სიახლეები, რომლებიც არ უნდათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდოს.