თეა წულუკიანი - ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს
თეა წულუკიანი - ჩვენი მიზანია, ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს

მზად ვართ, რომ ახალი რეალობის კვალდაკვალ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებს და რეფორმებს, რათა მარიხუანას გავრცელება ჩვენს ქვეყანაში დაექვემდებაროს კანონზე მორგებულ შეზღუდვებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის ასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სისტემა ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

„ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს დაევალა, პარლამენტთან ერთად დავიწყოთ მოკლე ვადებში შესამუშავებლად სხვადასხვა რეაბილიტაციის პროექტი. საბჭოს ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო. ჩვენ მზად ვართ, ახალი რეალობის კვალდაკვალ გადავხედოთ სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებს და რეფორმებს, რათა მარიხუანას გავრცელება ჩვენს ქვეყანაში დაექვემდებაროს კანონზე მორგებულ შეზღუდვებს. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს, რომ მოხმარება და ზიანი იყოს შემცირებული, ასევე ხელმისაწვდომობა და მიწოდება იყოს შემცირებული. ის, ვინც უკვე არის ამ სენით დაავადებული, მას ჰქონდეს განკურნების და რეაბილიტაციის საშუალება. ჩვენ მოკლე ვადებში სხვა სამინისტროებთან ერთად პრემიერ-მინისტრს, მისი დავალების შესაბამისად, წარვუდგენთ იდეებს, რომელიც თანხმობის შემთხვევაში, პროექტად იქცევა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.