თეა წულუკიანი - ჩვენი მიზანია, კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი, რათა არ მოხდეს გარედან შიგნით ვირუსის იმპორტი
თეა წულუკიანი - ჩვენი მიზანია, კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი, რათა არ მოხდეს გარედან შიგნით ვირუსის იმპორტი

მომავალი კვირის დასაწყისში თანამშრომლებს და ასევე პატიმრებს გავაცნობთ გეგმას, რომელზეც ვმუშაობთ. ეს გულისხმობს იმას, რომ პენიტენციური დაწესებულებები კორონავირუსის აღმოფხვრამდე გახდეს უფრო ჩაკეტილი და დახურული, რათა არ მოხდეს გარედან შიგნით ვირუსის იმპორტი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ახალი გეგმა არ გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ზონაში მყოფი მსჯავრდებულები მოხვდებიან დახურულ ციხეებში.

„მათდამი მექნებოდა რჩევა, რეკომენდაცია, ვინაიდან დადგა გაზაფხული და ასეულობით ე.წ. ზონაში მყოფი მსჯავრდებული იმყოფება ციხის შიდა ეზოში, მათ უნდა დაიცვან ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ეს შეეხება ერთმანეთისგან დისტანციას და სხვადასხვა იმ წესს, რომელიც ციხის პირობებში ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება და კომუნიკაცია პატიმრებთან მიმდინარეობს. ჩვენი გეგმა, რომელიც მომავალ კვირას გასაჯაროვდება, გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა იაროს ციხიდან სახლში. ეს გეგმა მუშავდება ამჟამად და ჩვენი მიზანია, კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი. მინდა, ყველა ოჯახს მოვუწოდო – ნუ მოინდომებენ ციხეში ისეთი ადამიანების შეგზავნას, ამბის გამოსატანად, რომლებსაც უბრალოდ არავითარი საჭიროება ამ მომენტისთვის არ აქვთ. ადვოკატებიც აუცილებელია ციხეში შედიოდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქმის გასაჩივრებას და სხვა საპროცედურო საჭიროებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.