თეა წულუკიანი - ჩემთვის აბსურდის თეატრია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, იმის მაგივრად, რომ შტურმს იგერიებდეს 20 ივნისს, ყავას უსხამდა დეპუტატებს
თეა წულუკიანი - ჩემთვის აბსურდის თეატრია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, იმის მაგივრად, რომ შტურმს იგერიებდეს 20 ივნისს, ყავას უსხამდა დეპუტატებს

ჩემთვის აბსოლუტურად აბსურდის თეატრია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, იმის მაგივრად, რომ შტურმს იგერიებდეს, ყავას უსხამდა დეპუტატებს, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას უსმენენ.

აღნიშნული განცხადება წულუკიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გახარიამ აღნიშნა, რომ 20 ივნისს, პარლამენტის შენობის შტურმისას, მმართველი გუნდის დეპუტატებიდან ზოგიერთს წყალიც მიაწოდა, ზოგს ყავაც დაუსხა, ვინაიდან ისინი ღელავდნენ, თუმცა ვინ იყვნენ ეს დეპუტატები, არ ახსოვს.

თეა წულუკიანის თქმით, საკმაოდ გრძელია „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების სია, ვინც 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტში იმყოფებოდა.

„დავანებოთ ამ გროტესკზე საუბარს თავი, წარმოუდგენელ რაღაცებს ვისმენთ. გარდა ამისა, „ქართული ოცნებიდან“ იმ დეპუტატების სია, ვინც თქვენი აქ ყოფნის დროს შენობაში იმყოფებოდა, არის საკმაოდ ვრცელი და ისინი თავად გაგცემენ პასუხს, ვინ სად იყო და რას აკეთებდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა, რომ ტყუილია მისი განცხადება, თითქოს 20 ივნისის ღამეს ვინმეს რჩევა ჰკითხა.

„მგონი, თქვენ ტყუით, ბატონო გიორგი. სწორედ იმ ჩემი ვიცე-პრემიერობის პოზიციიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თქვენ, ჩვენდა ყველას სამწუხაროდ, მაკო გომურის და სხვა დასახიჩრებული პირების სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაურისა და სუს-ისგან არცერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება. რკინის კედელი არ იდგაო, რომ იძახით, ეს რკინის კედელი ციდან ხომ არ დაეშვებოდა? თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე ჩაწერილი, რომ მისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. რკინის ღობე ნამდვილად იყო, რომელიც თან ახლავს პარლამენტს, რაც თავი მახსოვს. ეს ჯებირი ყოველთვის იყო თაღებში შემოსასვლელში. არ იყო საკმარისი? მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან, იუსტიციის მინისტრი იღლიით რკინის კედლებს? მოგეტანათ რკინის კედლები, ამხელა უწყება გქონდათ. ბრძანებაში არ წერია რკინის კედელი და ახლა იძახით, რკინის კედელი არ იყოო. რაც იყო, იმ ჯებირის უკან მაინც დაგეყენებინათ. რატომ არ დაეკითხეთ პროფესიით უფრო კომპეტენტურს? იმიტომ, რომ თქვენ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება არ გქონდათ. ვიღაც გეტყოდათ, ვინც იცოდა ეს, რომ გაწიე სპეცრაზმელები ჯებირის უკან და არცერთს არ შეითრევდა აქციაზე მონაწილე თავის წიაღში, არ გაჩნდებოდა სიცოცხლის საფრთხე. ჰკითხეთ თუ არა ვიღაცას რჩევა? თქვენ ამბობთ, „ვკითხე“, მე კიდევ ღიად გეუბნებით, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.