თეა წულუკიანი - წყალტუბოს განვითარების პროექტზე ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის, პასუხი არის მადლობა
თეა წულუკიანი - წყალტუბოს განვითარების პროექტზე ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის, პასუხი არის მადლობა

წყალტუბოს განვითარების პროექტი მომავალში არა მხოლოდ იმერეთის აღორძინებას გამოიწვევს, არამედ გავლენას იქონიებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ვერცერთ ეპოქაში ქვეყანამ ვერ შეძლო წყალტუბოს კურორტის აღორძინება.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი, მის მიერ უკვე განხორციელებული სამმილიარდიანი ინვესტიციის მიღმა, მისასალმებელია.

„ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის, პასუხი წყალტუბოს განვითარების პროექტზე, არის მადლობა. ვერცერთ ეპოქაში ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლო წყალტუბოს კურორტის აღორძინება, რადგან ცალკეული სასტუმროების რეაბილიტაცია ვერ აღმოჩნდა ვერც რენტაბელური და არც საინტერესო სხვადასხვა ბიზნესისთვის. ეს ვერ გააკეთა სახელმწიფომ, მათ შორის, როდესაც ამ სახელმწიფოს სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო, უპრეცედენტოდ მასშტაბური აქტი, მის მიერ უკვე განხორციელებული სამმილიარდიანი ინვესტიციის მიღმა, მისასალმებელია. თავად რეაბილიტაციის პროცესში რომ იმერეთის რეგიონში 8 ათასი ადამიანი დასაქმდება, ესეც ნამდვილად ხაზგასასმელია. მომავალში ეს არა მხოლოდ იმერეთის აღორძინებას გამოიწვევს, არამედ გავლენას იქონიებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.