თეა წულუკიანი - ჩემდამი რეალური კითხვები არასდროს ყოფილა, ჩემ მიმართ შეურაცხყოფა თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები ცარიელი წყალი იყო
თეა წულუკიანი - ჩემდამი რეალური კითხვები არასდროს ყოფილა, ჩემ მიმართ შეურაცხყოფა თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები ცარიელი წყალი იყო

ჩემდამი კითხვების არარსებობა მიანიშნებს, რომ რეალური კითხვები არასდროს ყოფილა და ცარიელი წყალი იყო ჩემ მიმართ ის დიდი შეურაცხყოფა თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები – გადადექი და ყველაფერი შენი ბრალია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ ნახა, რომ მის მიმართ დროებით საგამოძიებო კომისიაზე მხოლოდ ორი-სამი კითხვა დაისვა.

„ვეთანხმები თუ არა იმას, რომ ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან არ უნდა გადამდგარიყო – ამ კითხვას ვუპასუხე, რომ დღესაც ვეთანხმები, არ უნდა გადამდგარიყო. თუმცა მეტი კითხვა არ დასმულა, რაც ჩემთვის გასაოცარია“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ კომისიას არ აქვს სურვილი, სიღრმისეულად განიხილოს, რა როლი აქვს სისხლის სამართლის რეფორმებში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს.

„ალბათ, ამას იმით ავხსნიდი, რომ კომისიის ზოგიერთ წევრს, რომელიც უმრავლესობაშია, არ სურდა, ჩემგან სისხლის სამართლის რეფორმაზე ის დიდი პოზიტივი მოესმინა, რაც ექვსი წლის მანძილზე გავატარეთ. სტატისტიკით მოვედი, მათთვის მეთქვა, რომ ვინაიდან საქმე ბავშვთა სისხლის სამართლის საქმეს ეხება, ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსში დიდი რეფორმა გავატარეთ. კოდექსი შემოვიღეთ და ამან გამოიწვია, რომ თუ 2011 წელს 90 ბავშვი იყო მაშინდელ ციხეში, დღეს მხოლოდ 32 არასრულწლოვანია და მათი უფლებები დაცულია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, საგამოძიებო კომისიის არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ გატარებული რეფორმების შედეგად, არასრულწლოვნებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში ვერავინ უშვებს.

„მინდა, ხმამაღლა გითხრათ, საგამოძიებო კომისია არსებობა და მუშაობა ნიშნავს, რომ ჩემ მიერ, სამინისტროს, ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა ის, რომ ვერავინ – ვერც გამომძიებლები, ვერც პროკურორები და ვერც  საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა, ბავშვებს ციხეში მტკიცებულებების გარეშე ვერ ყრიან. ვულოცავ ამას ჩვენ ბავშვებს, რომელთაც ციხეში ვერავინ აგდებთ, თუ მტკიცებულებები არ იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

დადუნაშვილის დედ-მამას კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, ასევე სარალიძის დედას, რომელიც თითქმის არასოდეს ჩნდება და მის ტკივილს ვერ წარმოვიდგენთ, სანამ არ შევეცდებით, ბოლომდე ემპათიით განვეწყოთ დედებისადმი, ასევე მამას მინდა მივუსამძიმრო და ვუთხრა, რომ პროკურატურა, სასამართლო და გამოძიება, როგორც ვიცი და დარწმუნებული ვარ, ასე იყო, ბოლომდე სიმართლის მხარეს იდგნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა საგამოძიებო კომისიას ქმნიან პოლიტიკოსები, რათა სასამართლოში მიმდინარე დავაზე იმსჯელონ.

„ვფიქრობ, აღრეულია ცნებები და ხელისუფლებებს შორის ბალანსი. ეს ყველაფერი დასანანია, მაგრამ კომისიის სხდომაზე პატივისცემით მოვედი და ჩემთვის ორი უცნაური კითხვა მოვისმინე. არ ველოდი, რომ დარბაზში სულ ხუთი წუთი დავყოფდი, რადგან მეგონა, ვისაუბრებდი იმაზე, რომ 2017 წელს მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსში 38-ე იყო და პირველია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი