თეა წულუკიანი - ჩაბუქის ოჯახს უკვე ვუპასუხე, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს და მინისტრი სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს
თეა წულუკიანი - ჩაბუქის ოჯახს უკვე ვუპასუხე, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს და მინისტრი სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს

საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს და იუსტიციის მინისტრი სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლის მიმართვასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სასამართლომ უნდა თქვას, აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უფლება ესა თუ ის პირი გადასცეს იმ ქვეყანას, რომელიც მის გადაცემას ითხოვს.

მომართვაზე ჩაბუქის ოჯახს უკვე გავეცი პასუხი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს და იუსტიციის მინისტრი სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ასე არის კანონით. ამჟამად საქმეს სასამართლო იხილავს და სასამართლომ უნდა თქვას, აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უფლება ესა თუ ის პირი გადასცეს იმ ქვეყანას, რომელიც მის გადაცემას ითხოვს. თუ სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს ამის უფლება არ აქვს, კანონის მიხედვით, ასეთი საქმე იხურება და საკითხი აღარ განიხილება. თუ სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს აქვს ამ პირის გადაცემის უფლება, შემდეგ უკვე საქმის მასალებზე, მტკიცებულებებზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე დაყრდნობით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ არ ვიცი რა იქნება. შესაბამისად, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ვცეთ პატივი ჩვენივე ქვეყნის სასამართლოს და დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვლისთვის გადაიდო.