თეა წულუკიანი - ცესკო-მ 2004 წლის 18 აპრილის სხდომაზე ისე შეაჯამა არჩევნების შედეგები, რომ ორ ოლქში არჩევნები ჩატარებული არ იყო, ამით 60 ათას ამომრჩეველს წაერთვა მონაწილეობის უფლება
2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა 2004 წლის 28 მარტის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.
წულუკიანის თქმით, „არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა და მას ჰქვია „„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს წინააღმდეგ“. წულუკიანის განცხადებით, „პარტიამ სახელმწიფოს უჩივლა და დაადანაშაულა იმაში, რომ 28 მარტის არჩევნების შედეგები ისე შეაჯამა ცესკო-მ 2004 წლის 18 აპრილის სხდომაზე, რომ არ იყო ჩატარებული არჩევნები ორ საკმაოდ მოზრდილ ოლქში. ეს იყო ხულო და ქობულეთი. ამით 60 ათასი ამომრჩეველი გარიყული იყო საარჩევნო პროცესიდან და წაერთვათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.
ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ცესკო-ს მაშინდელი ხელმძღვანელის ინიციატივით, ცესკო-მ არჩევნები მაინც შეაჯამა და სწორედ ამის გამო სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 60 ათას ადამიანს წაართვეს ხმის უფლება.
„სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების 29-ე აბზაცში წერია, რომ ცესკო-ს 18 აპრილის სხდომაზე – და მაშინ 15 წევრისგან შედგებოდა ცესკო-ს შემადგენლობა – ერთმა წევრმა, ეს იყო „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი, განაცხადა, რომ ის იყო წინააღმდეგი ისე შეჯამებულიყო საყოველთაო არჩევნების შედეგები, რომ ორ ოლქში არჩევნები ჩატარებული არ იყო. ამაზე ცესკო-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ ხულოსა და ქობულეთში არჩევნები ვერ ჩატარდა, ეს ჩვენი კი არა, აჭარის ხელისუფლების ბრალიაო, ციტირებას ვახდენ, და, პრინციპში, რომც ჩატარებულიყო იქ არჩევნები, ეს შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდაო. ცესკო-მ, ხელმძღვანელის ინიციატივით, არჩევნები მაინც შეაჯამა და სწორედ ამის გამო სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე – და შევახსენებ ყველას, ის საპარლამენტო არჩევნებია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენს ქვეყანაში, აი, ასეთი არჩევნებით მოვიდა, ეს წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში – 60 ათას ადამიანს წაართვეს ხმის უფლება. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ასე შეჯამებულ არჩევნებში 6,01% მიიღო, მაშინ როდესაც 7% იყო ბარიერი. შესაბამისად, ის ამტკიცებდა, რომ ხულოსა და ქობულეთში რომ ჩატარებულიყო არჩევნები, შესაძლოა, მე ეს ბარიერი გადამელახა და მოვხვედრილიყავი პარლამენტშიო. სწორედ ეს იყო მისი ინტერესი, რის გამოც სტრასბურგში დავობდა და მან ეს დავა მოიგო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.