თეა წულუკიანი - ბიძინა ივანიშვილმა უბედურება მოაშორა ქვეყანას, სინდისთან თუ არ არიან მწყრალად და მადლიერების განცდა უფალმა ჯერ არ წაართვათ, ასეთი ადამიანები თავისით იტყვიან მადლობას
ბიძინა ივანიშვილმა უბედურება მოაშორა ქვეყანას, სინდისთან თუ არ არიან მწყრალად და მადლიერების განცდა უფალმა ჯერ არ წაართვათ, ასეთი ადამიანები თავისით იტყვიან მადლობას, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრად რვაწლიანი მუშაობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
თეა წულუკიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანას უბედურება მოაშორა, თუ ადამიანი არ არის სინდისთან მწყრალად და თუ მადლიერების განცდა უფალმა ჯერ არ წაართვა, ასეთი ადამიანები თავისით იტყვიან მადლობას, რადგან ამის დანახვა შეუძლებელია.
მინდა, ვთქვა სხვანაირი მადლობა, რადგან, სამწუხაროდ, დღეს მან თქვა – არ მოვალ, რადგან მადლობის მოსმენა არ მიყვარსო. ეს მართლაც ასეა. მაგრამ მე მაინც მადლობას ვიხდი, რომ ის მხარს მიჭერდა რჩევით, ხანდახან მწვავე კრიტიკითაც და ხელს მიწყობდა, არ დავცემულიყავით. გვაძლევდა და მე მაძლევდა შესაძლებლობას, მეკეთებინა ეს საქმე რვა წლის განმავლობაში, რასაც ქვეყნის განვითარების აგურის დადების ვალდებულების შესრულება ჰქვია. ამას ძალიან ვაფასებ, რომ ეს შესაძლებლობა სწორედ მისი დახმარებით მქონდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.