თეა წულუკიანი - ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვირთ იმ რეფორმების ტემპი, რაც სასამართლოში ექვსი წლის განმავლობაში გატარდა
თეა წულუკიანი - ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვირთ იმ რეფორმების ტემპი, რაც სასამართლოში ექვსი წლის განმავლობაში გატარდა

ძალიან გული მწყდება, რომ სამასამდე სამოსამართლო კორპუსში სამი, ოთხი, შვიდი, თუ ათი გვარი მუსირებს და საუბარი მუდმივად მათზეა, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„იქმნება განცდა, თითქოს, არაფერი შეცვლილა. არადა, ეს ასე არ არის, რადგან თქვენ თუ ნახავთ, სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი რამდენი მოქალაქე მიდის, რეალურად, სკანდინავიის ქვეყნების დონეზე ვართ. საქართველოს მოქალაქეები სტრასბურგში არ მიდიან და თუ მიდიან, ძალიან ცოტანი. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალიებზე კითხვები დღესაც არის, დღეს, თვისობრივად, აბსოლუტურად სხვა სასამართლო გვაქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვაზე, უნდა მომხდარიყო თუ არა იმ სახეების სასამართლო სისტემიდან ჩამოშორება, რომლებიც საზოგადოებას მათ მიერ თავის დროზე გამოტანილი განაჩენების გამო აღიზიანებს, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ 2013 წელს მას ჰქონდა პოზიცია, მოსამართლეთა კორპუსი ახალი სისხლით შევსებულიყო და მათთვის, ვისაც წარსულში გაუგონარი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეთქვათ, რომ ახლა შინ წასვლის დროა და ა.შ, მაგრამ გუნდში ამაზე კონსენსუსი ვერ შედგა.

„მე მქონდა პოზიცია, ეს გაგვეკეთებინა არა ისე, როგორც ეს თავის დროზე, იუსტიციის მინისტრმა, მიშა სააკაშვილმა გააკეთა, არამედ კანონიერი გზით, რათა ცუდ რაღაცებს იმავე მეთოდით არ შევბრძოლებოდით, რადგან მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უსამართლობასა და ცუდ მემკვიდრეობას რა მეთოდით ებრძვი. გუნდში კონსენსუსი არც ამაზე შედგა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პოზიცია მცდარი იყო, სწორი არ იყო და მომავალზე არ იყო გათვლილი. იმიტომ, რომ გუნდი ვართ და იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრი ასეთი იყო, გადავწყვიტეთ, მხოლოდ კანონებით რეფორმის გზით გვევლო“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ხარვეზები იყო და ამ ხარვეზებს თავისი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ხელისუფლებამ შეძლო.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს რეფორმის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ უმწვავესი არ არის, რადგან ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვირთ იმ რეფორმების ტემპი, რაც სასამართლოში ექვსი წლის განმავლობაში გატარდა.

„დაწინაურებულ ევროპულ ქვეყნებში თითო კანონის თითო ცვლილებას მინიმუმ, ერთი წელი სჭირდება ხოლმე, ჩვენ კი, ექვს წელიწადში შევძელით მართლმსაჯულების სისტემის მთლიანად დეპოლიტიზაცია, მოსამართლეებისადმი შეფასების ინსტიტუტის დანერგვა, იუსტიციის საბჭოსთვის, თუ თვითონ რიგითი მოსამართლისთვის უფრო მეტი უფლებების მიცემა და სასამართლოს თავმჯდომარეების დიქტატისგან მათი გათავისუფლება. ეს ყველაფერი მოხდა და პლუს, ორ წელიწადში დაინერგა არასწულწლოვათა მართლმსაჯულების კოდექსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.