თეა წულუკიანი - აუცილებელია, ყოველი არჩევნების წინ, შემდეგ, თუ არჩევნებს შორის პერიოდში საზოგადოებაში სრული ისტერიული ფონი არ იყოს
თეა წულუკიანი - აუცილებელია, ყოველი არჩევნების წინ, შემდეგ, თუ არჩევნებს შორის პერიოდში საზოგადოებაში სრული ისტერიული ფონი არ იყოს

გვაქვს მზაობა, ნებისმიერ საკითხზე შედგეს დიალოგი, არა იმიტომ, რომ მეორე მხარეს მჯდომი ყველა წარმომადგენელი ამას იმსახურებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დისკუსიაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს ყველას არ ეხება, მაგრამ იქ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც რომ არა ქვეყნის ინტერესი, მე პირადად, მათთან სასაუბროდ, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში არ დავჯდებოდი. ხშირად გვესმის, რომ ყველა დავიღალეთ მუდმივი დაძაბულობით. ქვეყნის ინტერესი არის სიმშვიდე. ქვეყანა სწრაფად რომ განვითარდეს, აუცილებელია არა მხოლოდ ის სტაბილურობა და მშვიდობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ბოლო შვიდი წლის მანძილზე მართლაც ზურგით, მძიმედ მოაქვს. მიმდინარე ოკუპაციის პირობებში და სხვა ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ამ ქვეყანაში უზრუნველვყოფთ სტაბილურობას, მაგრამ ეს არ კმარა და ასევე აუცილებელია, ყოველი არჩევნების წინ, მერე, თუ არჩევნებს შორის პერიოდში, საზოგადოებაში სრული ისტერიული ფონი არ იყოს“, – განაცხადა წულუკიანმა. 

ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რისთვის გრძელდება დიალოგი ოპოზიციასთან და რა ამოცანა უნდა გადაჭრას ამ დიალოგმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ცუდი არ იქნება, თუ პარასკევს გასამართ შეხვედრაზე რამე შეთავაზების განხილვა და რამდენიმე სასიცოცხლო მიზნის მიღწევა მოხდება.

„ჩვენი ამომრჩევლებისთვის მინდა, განვმარტო, რომლებიც ძალიან განიცდიან, ნერვიულობენ და გვეუბნებიან, საერთოდ, როგორ შეგიძლიათ ამ მწვალებლებთან და გამაუპატიურებლებთან ერთ ოთახში ყოფნაო. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველას კი არ ეხება, მაგრამ მეორე მხარეს მჯდომ რამდენიმე ადამიანს ეხება. იმასაც გვეკითხებიან, კი მაგრამ, მეორე მხარეს ისინი ერთად როგორ სხედანო და იხსენებენ 26 მაისს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოება დღეს, ხვალ და კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდად იყოს, რა თქმა უნდა, არანაირ პრობლემას არ ვხედავ, იქ ვიჯდე“, – განაცხადა წულუკიანმა.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ალექსანდრე ცაგარელის შეკითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 93-მა დეპუტატმა, შემდეგ კი კენჭისყრაზე უმრავლესობამ საკითხი თავად ჩააგდო და არის თუ არა ნონსენსი ის, რომ არავის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გამოიკვეთა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ ეს ვერ იქნება რომელიმე დეპუტატის ლინჩის წესით დასჯა და ერთადერთი პასუხისმგებლობის საკითხის დადგომა 2020 წლის არჩევნებზე მოხდება.

„თუ ამაზე ასეთი მძაფრი განცდა გაქვთ, რომ დაგპირდნენ და არ შეგისრულეს, დადგება არჩევნები და მიიღეთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა წულუკიანმა.