თეა წულუკიანი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ჩვენი სახელმწიფოს მიერ ყველა ფორმატში იქნება საკითხი დაყენებული
თეა წულუკიანი - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ჩვენი სახელმწიფოს მიერ ყველა ფორმატში იქნება საკითხი დაყენებული

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღევანდელ შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე იქნება საუბარი.

​„ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება არჩილ ტატუნაშვილის საქმეს, იქნება არა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე, არამედ ყველა და ნებისმიერ სხვა ფორმატში დაყენებული ჩვენი სახელმწიფოს და მისი წარმომადგენლების მხრიდან“, – განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

მან ასევე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ სარჩელის შესახებ, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შევა.

„იმ დღეებიდან, როდესაც ცხედრის გადმოცემაზე მუშაობა გვიწევდა, ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადი საჩივრის ტექსტი, შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა და ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ სხვა არაერთ ჭრილში, მათ შორის, სამართლებრივში, რათა, როდესაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში, იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მივცეთ სამართლებრივად რაიმე კომპონენტის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.