თეა წულუკიანი - არც ერთი ქალი არ შევშინდებით, გაავრცელეთ, რაც გინდათ
თეა წულუკიანი - არც ერთი ქალი არ შევშინდებით, გაავრცელეთ, რაც გინდათ

ყველამ უნდა იცოდეს, რომ არც ეკა ბესელია და არც სხვა ქალი არ შეშინდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე განაცხადა.

მისი თქმით, ვისზეც არ უნდა გავრცელდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტი თუ მმართველი გუნდის წევრი, დასაგმობია.

„ვფიქრობ, ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს და გაემიჯნოს ასეთ ფაქტებს. პირადად, ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს როდესაც ეს ეხება და სავარაუდოდ, მიზნად ისახავს ქალზე ტერორს, ვგმობ. მაგრამ მინდა აქვე დავძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც ფარ-ხმალს დაყრი, ქალი არის ძლიერი. ვინც ამ ჩანაწერებს ავრცელებს, მინდა ვურჩიო, იფიქროს სხვა რამეზე, აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული. მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი რომ გვერდზე გადავდოთ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ არც ეკა ბესელია და არც სხვა ქალი არ არის ის ნატურა, რომელიც შეშინდება. ამიტომ ვინც ამას ავრცელებს, კარგი იქნება, თუ სხვა საქმით დაკავდება. არც ერთი ქალი არ შევშინდებით, გაავრცელეთ, რაც გინდათ. ეს არის ჩემი გზავნილი იმ ადამიანებისადმი, ვინც ამ სიბინძურით არის დაკავებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.