თეა წულუკიანი - არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არც ერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება
თეა წულუკიანი - არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არც ერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება

სახალხო დამცველის ანგარიშში ​ლეგენდებზე დაფუძნებულ პრობლემაზეა საუბარი, ვითომ ციხეები ავტორიტეტების მიერ არის მართული, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც სადაც ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებით გამოიკვეთა კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა.

თეა წულუკიანის თქმით, ელოდებოდა, რომ სახალხო დამცველი ანგარიშში პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების საკითხს შეეხებოდა, რომელიც რეალური პრობლემაა.

„კარგად მესმის ის სფერო და ტვირთი, რომელიც ნინო ლომჯარიას აკისრია. როდესაც რაღაც გაქვს ამ სფეროში სათქმელი, იძულებული ხარ შეაჯამო სათქმელი და მოკლედ თქვა. თუმცა ამ მოკლე სათქმელში მე, როგორ პენიტენციურ სისტემაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი სულ სხვა მოლოდინი მქონდა, რომ პრობლემა იქნებოდა დასახელებული. მაგალითად, ველოდებოდი, ანგარიშში იტყოდა პირველ რიგში იმას, რომ წლებია არსებობს ჩვენ საპატიმროებში პრობლემა, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მომსახურების რიგებს. პატიმრები რიგებში არინ იმისთვის, რომ 12-14 თვეში იმედი ქონდეთ, რომ რომელიმე სამოქალაქო კლინიკაში გავლენ და ოპერაციას ჩაიტარებენ. რეალურად არის პრობლემა და პირდაპირ უკავშირდება სიცოცხლის უფლებას. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ 2020 იყოს ის წელი, როდესაც რიგები არ დადგება სამედიცინო მომსახურებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ის სახალხო დამცველს სთავაზობს მასთან ერთად მოინახულოს ნებისმიერი პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც მოისურვებს.

„როდესაც სახალხო დამცველის 10 დეკემბრის ანგარიშში ასეთი გამოწვევა არ არის და გარკვეულ ლეგენდებზე დაფუძნებული პრობლემა, ვითომ ავტორიტეტების მიერ მართულ ციხეებზე ხვდება მის ანგარიშში, მიჩნდება კითხვა. ამიტომაც რაკი ქალბატონმა ნინომ თავად თქვა, რომ მის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მზად არის ემუშაოს უწყებებს, მე ვისარგებლებ ამ შემოთავაზებით და მას ვთავაზობ, ჩემთან ერთად რომელიმე იმ დაწესებულებაში რომელსაც ის ხელს დაადებს წამოვიდეს, შეხვდეს რიგით პატიმრებს. ვინაიდან რაც ის დაინიშნა სულ 3-4 ჯერ არის დაწესებულებაში ნამყოფი და შეხვდა თუ ერთ შემთხვევას არ ჩავთვლით ე.წ ცნობილ პატიმრებს. არადა სახალხო დამცველი რიგითი პატიმრების სახალხო დამცველიც არის. წამობრძანდეს ჩემთან ერთად ეგრეთ წოდებულ ზონებში, თუ ეს არის მისი ინტერესის საგანი, ჩამოართვას ხელი პატიმრებს, ჩემთან ერთად და მათთან ერთად ვისაუბროთ და გადავჭრათ თუკი რაიმე პრობლემა არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან თეა წულუკიანის თქმით, დღეს ციხეებს მართავს სახელმწიფო.

„მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს ციხეებს მართავს სახელმწიფო. ის სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრების უფლებებზე. მე დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარიამ ეს ჩემსავით კარგად იცის. რადგან ის ბევრ საქმეში ჩვენი პარტნიორი ყოფილა. თუ მისთვის ამგვარ დაწესებულებებში ჩემთან ერთად სიარული და პატიმრებთან შეხვედრა მისაღები არ არის, რა თქმა უნდა, მე შემიძლია, რომ მას შევთავაზო მუშაობის სხვა მოდელი. მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ კონკრეტულ თემაზე დებატი და განვიხილოთ, რა არის პრობლემა. ეს არის ლეგენდა, საბჭოთა დროის გადმონაშთი, რომელზე საუბარს თვითონვე ერიდება და რატომ ერიდება არ ვიცი. მე, ჩემი მხრიდან ღიად ვაცხადებ, რომ არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არცერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.