თეა წულუკიანი - არ ვფიქრობ, რომ ბოკერიას მიმართ დევნა ხორციელდება, ვიდრე საქმე ხანდაზმული არ არის, კითხვების დასმა ნებისმიერ დროს შეიძლება
თეა წულუკიანი - არ ვფიქრობ, რომ ბოკერიას მიმართ დევნა ხორციელდება, ვიდრე საქმე ხანდაზმული არ არის, კითხვების დასმა ნებისმიერ დროს შეიძლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარების შესახებ აცხადებს, რომ მის მიმართ რამე სახის პოლიტიკური დევნა არ  ხორციელდება.

წულუკიანის თქმით, ვიდრე კონკრეტულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი პროცესის წარმოება ხანდაზმული არ არის, კითხვების დასმა ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

ამასთან, წულუკიანი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„არ მგონია, რომ რაიმე დევნაა. მე არც გამომძიებელი გახლავართ, არც პროკურორი და ეს ძალიან კარგია. არ ვიცი, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მე ვიცი ზოგადი პრინციპი, რომ როდესაც კანონს და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ პირისადმი შეკითხვა, სანამ საქმე ხანდაზმული არ არის, ეს კითხვა შეიძლება, დაისვას ნებისმიერ დროს. ამ საქმეზე პასუხი უნდა გასცეს საგამოძიებო ორგანომ. მე გეუბნებით ზოგად პრინციპს, რომ ვიდრე  ხანდაზმული არ არის მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი პროცესის წარმოება, ნებისმიერ დროს შეიძლება, დაისვას შეკითხვა“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, გიგა ბოკერია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხოს, რადგან მან გამოკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა. მათივე ცნობით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.

დატოვე კომენტარი