თეა წულუკიანი - არ მჯერა სააკაშვილის და სხვა ოპონენტების გულწრფელობის, დღეს მათ მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს ჰარმონია სურთ
თეა წულუკიანი - არ მჯერა სააკაშვილის და სხვა ოპონენტების გულწრფელობის, დღეს მათ მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს ჰარმონია სურთ

არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობის, თითქოს მათ სურთ ეროვნული თანხმობა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ისინი საზოგადოებას თავს აჩვენებენ, თითქოს ჰარმონია, თანხმობა სურთ.

„რაც შეეხება ბატონი მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობას, თითქოს ეროვნული თანხმობა სურთ, მე პირადად ამის არ მჯერა, რადგან როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც, ამის შედეგს ვიმკით. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა, არიან პირველი და მე ვიტყოდი, ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და აქეთ გვიკიჟინებენ, რომ ეს პოლარიზაცია ხელისუფლებამ უნდა შეამციროს. ამიტომაც რა თქმა უნდა, ამისი არ მჯერა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საკითხზე საუბრისას თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ზოგადად, ეროვნული შერიგება კომპლექსური, ურთულესი და ხშირად მრავალწლიანი პროცესია. მისივე თქმით, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა აპატიოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა ხელისუფლებამ საზოგადოების სახელით მათთან შერიგების პროცესი წამოიწყოს.

„საერთოდ, თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნის მაგალითებს, როგორც წესი, ეროვნული შერიგება თუ ეროვნული თანხმობა არის მრავალკომპონენტიანი, კომპლექსური, ურთულესი და ხშირად მრავალწლიანი პროცესი. არის ქვეყნები, რომლებმაც ეს პროცესი ათეული წლის წინ დაიწყეს და დღემდე დასრულებული არ არის, ამიტომაც თუკი ჩვენ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ეს გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საზოგადოებიდან უნდა წამოვიდეს და გაზიარებული იქნას, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველ რიგში, დაუშავა საკუთარ ქვეყანას, საზოგადოებას. შესაბამისად, საზოგადოება უნდა იყოს მზად, რათა წინა ხელისუფლებას აპატიოს სისხლი, რომელიც მან მოიტანა – ქუჩაში თუ ციხეში მკვლელობები, ის გამრუდებული სასამართლო პროცესები, როდესაც ბავშვებს  ქურდობისთვის მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, ამის გამო გაუბედურებული მომავალი თაობები, დაკარგული ტერიტორიები და ასე შემდეგ. თუნდაც იავარქმნილი კულტურის სისტემა, აღარაფერს ვამბობ, რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული პილიცია და სპორტი ყველა სფეროში იყო. დიდი შეცდომები, დანაშაულები იყო. პირველ რიგში, საზოგადოებამ, თქვენ უნდა აპატიოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა დღეს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეულმა ხელისუფლებამ საზოგადოების სახელით მათთან შერიგების პროცესი წამოიწყოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ფეისბუქგვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – აღნიშნულია წერილში.