თეა წულუკიანი - არ მაქვს ინფორმაცია, იგეგმება თუ არა მთავრობაში ახალი ცვლილებები, მაგრამ არ მგონია, იგეგმებოდეს
თეა წულუკიანი - არ მაქვს ინფორმაცია, იგეგმება თუ არა მთავრობაში ახალი ცვლილებები, მაგრამ არ მგონია, იგეგმებოდეს

მინდა, ქალბატონ ნათიას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც ამ ძალიან რთული სისტემის მართვის პროცესში გასწია, – ამის შესახებ აქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე, ნათია თურნავაზე საუბრისას განაცხადა.

წულუკიანმა წარმატებები უსურვა ლევან დავითაშვილს, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა გადაიბარა. ასევე სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ოთარ შამუგიას.

„ნათია თურნავა იყო ნამდვილად ძალიან წარმატებული ქალი მინისტრი და, რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ამავე სფეროში მომავალშიც იტყვის თავის სიტყვას და იქნება ისეთივე აქტიური, როგორიც დღემდე იყო.

ჩვენ ასევე გვიხარია, რომ ლევან დავითაშვილი შეინარჩუნებს მთავრობაში თავის პოზიციას. ვფიქრობ, რომ ბატონი ლევანი მას შემდეგ, რაც სამთავრობო გუნდს შემოუერთდა, არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაბინეტის წევრი, როგორც თავისი მოკრძალებით, ასევე მაღალკვალიფიციურობით და პროფესიონალიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ეკონომიკის სამინისტროში ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს ხდებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ახალ მინისტრს, სოფლის მეურნეობის სისტემის მართვისას ასევე წარმატებებს ვუსურვებ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა კიდევ მთავრობაში ცვლილებები, წულუკიანი აცხადებს, რომ ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

„ყველამ ვიხილეთ, რა საკადრო ცვლილებებიც იყო მთავრობაში. დამატებით ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ არ მგონია, რაიმე ახალი ცვლილება იგეგმებოდეს. თუ კი ეს არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, პირველი სიტყვა ამ დროს ეკუთვნის მმართველ პარტიას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრთა კაბინეტში დღეს ცვლილებები განხორციელდა. ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრის თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა.