თეა წულუკიანი - არ არსებობს არავითარი მიზეზი, რომ 2020 წლის არჩევნები არ იყოს მაღალი სტანდარტის, გამჭვირვალე და სამართლიანი
თეა წულუკიანი - არ არსებობს არავითარი მიზეზი, რომ 2020 წლის არჩევნები არ იყოს მაღალი სტანდარტის, გამჭვირვალე და სამართლიანი

არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ 2020 წლის არჩევნები არ იყოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის და კიდევ უფრო გამჭვირვალე, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა კითხვა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის განცხადებების იმ ნაწილთან დაკავშირებით დაუსვეს, სადაც დეგნანმა მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მრავალჯერ ჩატარდა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები.

„ჩვენს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში უკვე მრავალჯერ ჩატარდა როგორც გამჭვირვალე, ასევე სამართლიანი არჩევნები, რომელთა შედეგებიც მრავალჯერ, იქნებოდა ეს 2013-2014-2016 თუ მომდევნო წლებში, ვერავინ დააყენა ეჭვქვეშ. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ 2020 წლის არჩევნები არ იყოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის, კიდევ უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი, რათა თითოეულმა მოქალაქემ იხილოს საკუთარი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩობის კანდიდატმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყანაში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებასა და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.