თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია

მამუკა ხაზარაძე და ყველა პირი, რომელსაც საქმე ეხება, ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, რათა მათთან პიროვნულად დაკავშირებულმა კითხვებმა ბანკი არ დააზიანოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს „თიბისი ბანკის“ მიმართ კითხვა არ ისმის, კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე.

„არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან. ისინი ალბათ არ იზამენ ისე, რომ თუ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს არ არის. პირიქით – ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს მუშაობას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია – ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს, – როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც. ის, რომ კითხვა არ დამისვათ, რადგან დიდი ბანკირი ვარ, მგონია, არასწორია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც წულუკიანი აცხადებს, თუ მამუკა ხაზარაძეს დღეს პოლიტიკაში შემოსვლა სურს, ამას არავინ უკრძალავს. „მე არ შემიმჩნევია, რომ ეს არის თითქოს მისი მიზანი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძის პროექტია, რაც ასე არ არის.

„ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი. სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის. როდესაც სახელმწიფო პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული, ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს?.. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირებდი. სპეკულაციები, რომ კითხვები, რომლებიც მამუკა ხაზარაძის მიმართ ისმის საბანკო საქმიანობის ნაწილში, ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, არის ოპოზიციის მცდელობა, ეს საკუთარ თემად აქციოს. არ მგონია, მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ნიშნები.