თეა წულუკიანი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებში იმყოფებოდა
თეა წულუკიანი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებში იმყოფებოდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად შაორის და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებს ეწვია.

მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო ბანაკების მდგომარეობას და მათი აღდგენის გეგმა დასახა. კერძოდ, გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს ბანაკების რეაბილიტაცია და სამუშაოები უნდა შესრულდეს ისეთ ვადებში, რომ მომავალი წლის ზაფხულში მოცემულ ბანაკებში უკვე შესაძლებელი იყოს ახალგაზრდების გამგზავრება. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ორი ბანაკი ძირითადად კულტურული მიმართულების პროექტებით უნდა დაიტვირთოს, ხოლო სპორტისთვის მთაში – სტეფანწმინდასა (ჯუთა) და სვანეთში (აილამა) ალპინისტური ბანაკები უნდა აღდგეს, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას თეა წულუკიანმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდული ბანაკების აღდგენა დაასახელა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ბანაკები, დასვენებისა და გართობის გარდა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ადგილი იქნება და სახელმწიფოსათვის სტრატეგიულ საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ფუნქციას შეასრულებს.

დატოვე კომენტარი