თეა წულუკიანი - ახალაიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხი და მტკიცებულება, რომ ვერასოდეს დაამტკიცებენ იმას, რაც არ არის სიმართლე
თეა წულუკიანი - ახალაიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხი და მტკიცებულება, რომ ვერასოდეს დაამტკიცებენ იმას, რაც არ არის სიმართლე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბაჩო ახალაიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია.

მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ვერასოდეს დაამტკიცებენ იმას, რაც სიმართლე არ არის.

როგორც თეა წულუკიანი ამბობს, ევროპული სასამართლოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული საერთაშორისო სამართლებრივი ორგანოს, ვერდიქტი ძალიან ნიშანდობლივია.

„ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. მორიგი მტკიცებულება, რომ ისინი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ვერასოდეს დაამტკიცებენ, რაც არ არის სიმართლე. კერძოდ, იმას, თითქოს პოლიტიკური ნიშნით დევნილი არიან და  არასდროს არაფერი ჩაუდენიათ. რასაკვირველია, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ევროპული სასამართლო სტრასბურგში გახლავთ საერთაშორისო ტრიბუნალებსა და სასამართლოებს შორის თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული საერთაშორისო სამართლებრივი ორგანო და მისი ვერდიქტი არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს ვერდიქტი ამ შემთხვევაში, მორიგჯერ ადასტურებს, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის და სხვების შემთხვევაში, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვმართავდა კრიმინალური რეჟიმი. ამ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა მოიხადა სასჯელი, ზოგი კვლავ იხდის სასჯელს და რასაკვირველია, სასჯელის მოხდა არის ელემენტარული რამ, რაც შეიძლება, ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყნის წინაშე გააკეთონ. ქვეყნის წინაშე, რომელსაც ძალიან ბევრი რამ დაუშავეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.