თეა წულუკიანი - ადეიშვილებო და კახიძეებო, თქვენს დროს იუსტიციის სამინისტროში არსებობდა ე.წ. კეთილი ბიძიების სია
თეა წულუკიანი - ადეიშვილებო და კახიძეებო, თქვენს დროს იუსტიციის სამინისტროში არსებობდა ე.წ. კეთილი ბიძიების სია

ერთი რეფორმა მომიტანეთ-მეთქი თქვენი გატარებული, 24 საათი გავიდა და ვერ მომიტანეთ, – ასე მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ოთარ კახიძეს.

„ადამიანებს საპროცესო შეთანხმებას აფორმებინებდნენ ისე, რომ ბრალს არ აღიარებდა. ეს კი არ იყო შეთანხმება სასჯელზე, ეს იყო შეთანხმება შეუთანხმებლობაზე, რომ მე შენ გთვლი დამნაშავედ ადამიანო, მოაწერე ხელი. ბატონო ოთარ, სად ბრძანდებით, შემობრძანდით აქ, დაბრუნდით დარბაზში. რა რეფორმებზე მელაპარაკებით, ერთი რეფორმა მომიტანეთ-მეთქი თქვენი გატარებული, 24 საათი გავიდა და ვერ მომიტანეთ. დარბაზიდანაც გაიპარეთ ისე, როგორც თქვენი იუსტიციის მინისტრი გაიპარა 2 ოქტომბრის დილას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ზურაბ ადეიშვილის მინისტრობისა და ოთარ კახიძის მოადგილეობის დროს იუსტიციის სამინისტროში არსებობდა ე.წ. კეთილი ბიძიების სია.

„ადეიშვილებო და კახიძეებო, თქვენს დროს იუსტიციის სამინისტროში არსებობდა ე.წ. კეთილი ბიძიების სია. გაიარეთ კულუარებში, მოგიყვებიან რა არის ეს. ეს არის ბიზნესმენთა სია, რომელიც შემიძლია, წამოგიღოთ და გაჩვენოთ, რომლებიც მოდიოდნენ და ზოგს პრინტერის ქაღალდი უნდა ეჩუქებინა უფასოდ იუსტიციის სამინისტროსთვის, ზოგს კარტრიჯები, ზოგს იუსტიციის სამინისტროს პარკინგი უნდა აეშენებინა უფასოდ და ესენი იყვნენ კეთილი ბიძიები. ქალბატონო თინა, კეთილი ბიძიების ინსტიტუტი იყო ბატონი ოთარის დროს. რაკი თქვენ აირჩიეთ სამთავრობო საათის ფორმატი და აირჩიეთ პოლიტიკური რიტორიკა. დიახ, მე შემოვდივარ პოლიტიკურ რიტორიკაში და გელაპარაკებით ისე, როგორც ამას იმსახურებთ. მე არასდროს ვიტყვი უარს აქ მოსვლაზე, რადგან ამ რეგლამენტს და ამ ინსტიტუტს, პარლამენტს ვცემ პატივს. დამიბარეთ ბატონო გიგებო, გიგიებო და სერგიებო, როცა გნებავთ, მე მომავალ და დაგელაპარაკებით ისე, როგორც გელაპარაკებით, რადგან სხვას თქვენ არ იმსახურებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.