თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე 21 აპრილის მოახლოებისას უფრო აქტიურად იმსჯელებენ
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე 21 აპრილის მოახლოებისას უფრო აქტიურად იმსჯელებენ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე მისი ვადის ამოწურვის მოახლოებისას უფრო აქტიურად იმსჯელებენ.

როგორც თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი. როცა გამოცხადდა, ვადა დაწესდა. ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის, რადგან ვადა ჯერ კიდევ უკვე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას აქვს. როგორც კი დრო მოახლოვდება, რა თქმა უნდა, მსჯელობა უფრო აქტიური იქნება. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის გათვალისწინებით – ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა; შემდეგ უკვე სხვადასხვა უწყებების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები იქნება გათვალისწინებული იმისდა მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო, რომ სწორედ ასევე ეფექტურად გაგრძელდეს ვირუსთან ბრძოლა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

რა თქმა უნდა, მხედველობაში მიღებული იქნება იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობაც, რადგან საზოგადოებისა და თითოეული ჩვენგანის ქცევა არის ხოლმე მხედველობაში მიღებული, როცა მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს. თუ ყველა წესებს უმკაცრესად იცავს, რომელიც გამოცხადებულია, იქ შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ერთგვარი მიდგომა. თუ წესებს იცავს მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილი და დანარჩენი არ იცავს, გადაწყვეტილება შეიძლება სხვაგვარი იყოს. დღეს, ეს არის მხოლოდ ვარაუდები, სპეკულაციები.

მთავარი, რაც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა იქნება, როგორც კი, საქმე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვასთან გვექნება. ეს დღეს ჯერ არ დამდგარა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კორონავირუსის საფრთხის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული.