თეა წულუკიანი - 2017 წელს და მიმდინარე წლის აპრილში მივაკვლიეთ „ისკანდერის“ ნაწილებს, რომლებზეც შენარჩუნებულია ყველა კვალი, რომ იარაღი ნამდვილად რუსეთშია წარმოებული
თეა წულუკიანი - 2017 წელს და მიმდინარე წლის აპრილში მივაკვლიეთ „ისკანდერის“ ნაწილებს, რომლებზეც შენარჩუნებულია ყველა კვალი, რომ იარაღი ნამდვილად რუსეთშია წარმოებული

2017 წლამდე რუსეთი საქართველოს საყვედურობდა, რომ გორში 12 აგვისტოს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ ქართველების გამოგონილი ამბავია, თუმცა 2017 წელს და მიმდინარე წლის აპრილში მიკვლეულია „ისკანდერის“ ნაწილები, რომლებზეც შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ იარაღი  ნამდვილად ნაწარმოებია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში, „42° პარალელი“.

„რუსეთი ამბობდა, რომ ფოტომასალა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლანდიაშიც, ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმიდან გამომდინარე არსებობს, ფოტოშოპია. ჩვენი ძალიან სიღრმისეული მუშაობის შედეგად 2017 წელს მივაკვლიეთ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერის“ ერთ ნაწილს, ნამსხვრევებს და უკვე რამდენიმე კვირის წინ, აპრილის ბოლოს, მოვიპოვეთ დაახლოებით 800 კგ იმავე „ისკანდერის“ დანარჩენი ნაწილები. მათზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ ნამდვილად ეს იარაღია,  ნამდვილად ნაწარმოებია მოპასუხე სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის მიერ და რეალურად ვერანაირ ფოტოშოპზე საუბარი ამ სამართლებრივ დავაში ვერ იქნებოდა.

ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს ჰოლანდიური გამოძიების, ჩვენივე გამოძიების შედეგები, საექსპერტო დასკვნები და მატერიალური მტკიცებულება, ნივთმტკიცება, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიგნებული და მოპოვებული“,- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, „ისკანდერის“ პირველი ნაწილების მოვიპოვების შემდეგ ექსპერტიზისთვის ჰააგის სასამართლოს მიმართეს.

„ჩვენ მივმართეთ ჰააგის სასამართლოს ექსპერტიზისთვის მაშინვე, როგორც კი „ისკანდერის“ პირველი ნაწილები მოვიპოვეთ. ეს ექსპერტიზა ჩატარდა. ჰააგის სასამართლოდან ჩვენ მტკიცებულებაც გვაქვს წარდგენილი 23 მაისის სხდომისთვის, რომ რეალურად სისხლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტებმა ამ „ისკანდერს“ და არა რომელიმე სხვა იარაღს, ჩაუტარეს ექსპერტიზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ბევრი სხვა მტკიცებულება, რადარების მონაცემები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ქართულ სივრცეში ამ პერიოდში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და იქ ქართული შენაერთები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენი საჰაერო სივრცე მთლიანად, ყოველდღიურად და არა რომელიმე ერთ დღეს, იყო მოცული რუსული სამხედრო თვითმფრინავებით.

ბრმა უნდა იყო ან არ გინდოდეს, რომ ეს დაინახო. ჩვენ, ასევე, გვაქვს სეისმოლოგების დასკვნები; გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა, რომელიც გაეგზავნა რუსეთის ფედერაციას და მტკიცებულებაც გვაქვს, რომ ჩაბარდა; რომ საქართველომ 10 აგვისტოს, გამთენიისას ცეცხლი შეწყვიტა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „42° პარალელი“.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა 23 მაისისთვის არის ჩანიშნული.