თეა წულუკიანი - 2006 წლის ე.წ. რეფორმამ ბოლომდე დაანგრია სახელოვნებო განათლება ჩვენს ქვეყანაში, აქტიურად ვმუშაობთ, რომ როგორმე ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორდეს
თეა წულუკიანი - 2006 წლის ე.წ. რეფორმამ ბოლომდე დაანგრია სახელოვნებო განათლება ჩვენს ქვეყანაში, აქტიურად ვმუშაობთ, რომ როგორმე ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორდეს

სახელოვნებო განათლება არის ჩვენი აქილევსის ქუსლი, რადგან 2006 წლის ე.წ. რეფორმამ ბოლომდე დაანგრია სახელოვნებო განათლება ჩვენს ქვეყანაში. აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტის კულტურის კომიტეტთან, რათა როგორმე ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორდეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკანმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ვარაუდობენ, რომ 10 წლის თავზე სახელოვნებო განათლება იქნება ფორმალიზებული და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი უნარების განვითარება ხელშეწყობილი.

„სახელოვნებო განათლება არის ჩვენი აქილევსის ქუსლი, რადგან, არ მომერიდება ამ სიტყვის, ტელევიზიებიც აქ ბრძანდებიან, ვისაც ეს უნდა ესმოდეს, 2006 წლის ე.წ. რეფორმამ ბოლომდე დაანგრია სახელოვნებო განათლება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტის კულტურის კომიტეტთან, რომ როგორმე ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორდეს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 10 წლის თავზე სახელოვნებო განათლება იქნება ფორმალიზებული და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი უნარების განვითარება იქნება ხელშეწყობილი. აქვე, მივესალმები ყველა იმ ხელოვნების სკოლას და მათ ხელმძღვანელებს, ვინც პრაქტიკულად მწირი შესაძლებლობებით ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს და ჩვენს ბავშვებს აყვარებს ქართულ კულტურას სხვადასხვა მიმართულებით – იქნება ეს ფოლკლორი, კლასიკური მუსიკა, ჯაზი თუ სხვა, ასწავლის გამოყენებითი ხელოვნების ძირითად უნარ-ჩვევებს, მაგრამ აქ უფრო მეტია საჭირო.

ჩვენ 10 წლის თავზე, უფრო მალეც, მაგრამ ეს საბოლოო მიზანია, ვვარაუდობთ, რომ განხორციელებული გვექნება უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმა და იმ უნივერსიტეტების, იქნება ეს თბილისსა თუ ბათუმში, ყველასთვის ცნობილი კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თეატრალური უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენი სამინისტროს ფარგლებში მოქმედებს, რეფორმის შედეგად მათი ბიუჯეტი გაიზრდება, მაგრამ არა იმისთვის, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს, არამედ იმისთვის, რომ მივიღოთ ის სტუდენტები, რომლებიც აუცილებლად დასაქმდებიან და რომლებსაც ითხოვს ბაზარი, მაგრამ, როგორც წეღან აღვნიშნე, არის პროფესიები, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტები აღარ აწარმოებენ. პროფესიული განათლება არის ხელშესაწყობი და რეალურად გვინდა, რომ კულტურის სფეროში 30-მდე გამქრალი პროფესია აღდგეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.