თეა თუთბერიძე - სააკაშვილის ხელისუფლების პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ მერაბიშვილი რუსული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ან მათ გამოიყენეს ის, რასაც მერაბიშვილი აკეთებდა
სამწუხაროდ, აღმოვჩნდით მდგომარეობაში, როდესაც ყველაზე გავლენიანი მინისტრი ქვეყანაში, რომელიც, ფაქტობრივად, მართავდა ყველა სამინისტროს, გარდა თავდაცვისა, აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურების მართული ან, სულ მცირე, რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოიყენა ის, რასაც მერაბიშვილი აკეთებდა საქართველოში, – ამის შესახებ თეა თუთბერიძემ ტვ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც თეა თუთბერიძემ აღნიშნა, მუშაობს სწორედ ამ თემაზე და გეგმავს, ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილს შესთავაზოს ინტერვიუ.
„არ ვგულისხმობ პატრულის წარმატებულ რეფორმას. დიახ, ვანო მერაბიშვილზე ვსაუბრობ და ჩვენ ახლა რამდენიც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, მე პირველივე დღეებიდან ვსვამდი შეკითხვებს, როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, რომლებიც 2012 წლის არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის მთავარი კოზირი აღმოჩნდა.
მე ვიყავი ადამიანი, რომელიც შედიოდა დახურული ტიპის დაწესებულებებში, ვიყავი პრეზიდენტის უფლებამოსილი პირი და არ მახსოვს არასოდეს, ჩემი ციხეში შესვლა ვანო მერაბიშვილს გამოჰპარვოდა. ის ურეკავდა გარკვეულ საერთო მეგობრებს, კვირაში რამდენი დღე და რამდენი საათი შეიძლება, იყოს თეა ციხეში. ეს არ იყო მისი საქმე, მაგრამ ხუმრობით, ასე ვთქვათ.
მან იცოდა და ის უშუალოდ მონაწილეობდა, მესხელის ხელით, ვიდეოსტუდიების მოწყობაში და კადრების შექმნაში. დიახ, ეს არის სერიოზული ბრალდება. მე ვარ ადამიანი, რომელიც შესთავაზებს ვანო მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს ჩემი კვლევის ფარგლებში. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავადგინოთ, რა მოხდა საქართველოში. ისე ცალსახად რომ ვილაპარაკოთ ახლა რუსეთის ინტერესებზე, რუსეთის ინტერესები საქართველოში კი არა, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამოიკვეთა და ამაზე საუბრობს მსოფლიო.
რუსეთის ინტერესები არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, იქნებოდა, იქნება და არის საქართველოში, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა სააკაშვილის ხელისუფლების აღმოჩნდა ის, რომ ყველაზე გავლენიანი მინისტრი აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ეს არის საკითხი, რომელზეც მე აუცილებლად მექნება მცდელობა, ვანო მერაბიშვილისგან მივიღო პასუხები და ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ სამომავლოდ, ხვალ და ზეგ“, – განაცხადა თეა თუთბერიძემ.