თეა თუთბერიძე - მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, ნახოს განმუხურის კადრები და გაიხსენებს, ვინ არის მეგის ქარდავა, თუ არ ახსოვს, ვინ ჰყავს ორჯერ დაჯილდოებული
თეა თუთბერიძე - მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, ნახოს განმუხურის კადრები და გაიხსენებს, ვინ არის მეგის ქარდავა, თუ არ ახსოვს, ვინ ჰყავს ორჯერ დაჯილდოებული

მეგის ქარდავა და მისი მეგობრები ებრძოდნენ კრიმინალურ სამყაროს საქართველოში სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში; პრეზიდენტი სააკაშვილი ვალდებულია, დაიცვას ეს ბიჭები და არა გააკეთოს იმ ტიპის განცხადებები, რომ მას თურმე წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის მეგის ქარდავა, – ამის შესახებ თეა თუთბერიძემ „მოამბეს“ განუცხადა.

თუთბერიძის თქმით, მისი ფეისბუქპოსტისა და მოწოდების ადრესატი არ ყოფილა თაკო ჩარკვიანი, მისი ადრესატები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად აპირებენ შეკრებას.

„მე თაკო ჩარკვიანისთვის არ მიმიმართავს და საერთოდ არ მაინტერესებს, თაკო ჩარკვიანი რას აკეთებს, მაგრამ მე ვნახე გარკვეული ადამიანები წერდნენ, რომ ვიკრიბებით და ვრეგისტრირდებით, რამდენი ათასი დავხვდებით პრეზიდენტს. მე მივმართავ მათ, რომ ჯერ დახვდნენ ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შეალია რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლას, იმას, რომ ის არ მომხდარიყო საქართველოში, რაც დღეს ხდება, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას და იმას, რომ არაკრიმინალ, მშვიდობიან მოქალაქეებს ქვეყანაში ეცხოვრათ თავისუფლად, მშვიდობიანად და ის არ ყოფილიყო, რაც დღეს ხდება ყოველდღიურად, ადამიანების მკვლელობები. ძალიან კარგად შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს, შეადარონ ე.წ. სისხლიანი ცხრა წელი და დღევანდელი ცხრა წელი, რაც ე.წ. ქართული ოცნება ბრძანდება ხელისუფლებაში. რამდენ ადამიანს სძინავს დღეს საქართველოში მშვიდად, არაკრიმინალებს და რამდენი ადამიანი ტოვებდა კარს, მანქანას ღიას იმ ცხრა წლის განმავლობაში. ეს იყო მეგის ქარდავას დამსახურება და ყველა იმ ბიჭის დამსახურება, რომლებსაც დღე და ღამეები არ ეძინათ, ებრძოდნენ კრიმინალებს და რუსულ სპეცსამსახურებს. რამდენი რუსეთის აგენტი ჰყავს მაგ ხელისუფლებას დაკავებული მთელი ცხრა წლის განმავლობაში? ბუნებრივია, ვის დააკავებენ, თავად არიან რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართველოში“, – განაცხადა თეა თუთბერიძემ.

კითხვაზე, არიან თუ არა მისი მოწოდებების ადრესატი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თეა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მისი მოწოდების მთავარი ადრესატი მიხეილ სააკაშვილია.

„ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან იქ ვინც არიან, თავადაც არ იციან, ისეთი ადამიანები არიან ამ წუთში იქ უმრავლესობა. მაგრამ ჩემი მოწოდების მთავარი ადრესატი გახლავთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდშიც ამ ადამიანებმა შეუძლებელი შეძლეს, რომლის პრეზიდენტობის პერიოდშიც საქართველოში მეგის ქარდავა და მისი მეგობრები ებრძოდნენ რუსულ სპეცსამსახურებს, რათა მათ არ ებოგინათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მეგის ქარდავა და მისი მეგობრები ებრძოდნენ კრიმინალურ სამყაროს საქართველოში სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში. პრეზიდენტი სააკაშვილი ვალდებულია, რომ დაიცვას ეს ბიჭები და არა გააკეთოს იმ ტიპის განცხადებები, რომ მას თურმე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის მეგის ქარდავა. მე მოვუწოდებ, რომ ნახოს განმუხურის კადრები და გაიხსენებს, ვინ არის მეგის ქარდავა, თუ არ ახსოვს, ვინ ჰყავს ორჯერ დაჯილდოებული“, – აღნიშნა თეა თუთბერიძემ.