თეა თავართქილაძე - პირველ რიგში ტესტირება სამედიცინო პერსონალსა და პოლიციას უნდა ჩაუტარდეს, რადგანაც ინფიცირებულებთან ხშირი შეხება აქვთ
თეა თავართქილაძე - პირველ რიგში ტესტირება სამედიცინო პერსონალსა და პოლიციას უნდა ჩაუტარდეს, რადგანაც ინფიცირებულებთან ხშირი შეხება აქვთ

ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თეა თავართქილაძემ აღნიშნა, პირველ რიგში, უნდა გაიტესტონ ის ადამიანები, რომელთაც ინფიცირებულებთან ხშირი შეხება აქვთ, ესენი არიან სამედიცინო პერსონალი და პოლიცია.

„ჩვენ ვიყავით „ცხელების ცენტრში“, შემდეგ დავიწყეთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაც. ეს პროცესი ჩვენთან პირველი მარტიდან მიმდინარეობს. ამ დროიდან ვთანამშრომლობთ ლუგარის ლაბორატორიასთან და ასევე „ნეოლაბთან“. ჩვენ ყველანაირად ვენდობით მათ პასუხებს. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ისინი ჩვენთან არის ანტისხეულებზე, რუტინულად უტარდებოდა მედპერსონალს. მათ, რომლებიც მუშაობდნენ პაციენტებთან, ასევე იმ პაციენტებს, რომლებთანაც ვთვლიდით, რომ საჭირო იყო ამის გაკეთება. ზოგადად, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიტესტება, მით უკეთესია. პირველ რიგში, უნდა გაიტესტონ ის ადამიანები, რომლებიც დიდ შემხებლობაში არიან ინფიცირებულებთან, ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, პოლიცია და სხვა. ამ ეტაპზე, გუშინდელი პასუხები გაგზავნილია „ნეოლაბში“ და ველოდებით 21 ტესტის პასუხს. რაც შეეხება თანამშრომლების ტესტირებას, წინა კვირიდან რუტინულად მიმდინარეობს „პისიარ“ ტესტირება თანამშრომლების და ყველა თანამშრომელს ორი კვირის ინტერვალით ჩაუტარდება ეს ტესტირება“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.