თეა ქუთათელაძე - ჩემს დასთან და მეგობართან ერთად, მიწა შევიძინე და კენკრა შვიდ ჰექტარზე გავაშენე
თეა ქუთათელაძე - ჩემს დასთან და მეგობართან ერთად, მიწა შევიძინე და კენკრა შვიდ ჰექტარზე გავაშენე

დღეს ჩვენს ნაკვეთში ქარსაცავი გავაკეთეთ, სამმა გოგომ ხეები ჩვენი ხელით დავრგეთ და 8 მარტი ასე მხიარულად გავატარეთ, – ამის შესახებ ექიმმა და ფერმერმა, თეა ქუთათელაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბიზნესის მიმართ ინტერესი მე და ჩემს დას ბავშვობიდანვე გვქონდა, მერე მეგობარიც ავიყოლიეთ და სამი წლის წინ გორში სატესტო ნაკვეთი გავაკეთეთ, სადაც კენკრა მოვიყვანეთ. როცა მივხვდით, რომ შეიძლებოდა, ამაში თავის რეალიზება ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო ყოფილიყო და ძალიან დიდ მასშტაბზეც გავსულიყავით, 2017 წელს მარნეულის რაიონში მიწა შევიძინეთ და კენკრა შვიდ ჰექტარზე გავაშენეთ. მანამდე, მარნეულში გავლით ვიყავი ნამყოფი და არავის ვიცნობდი“, – განაცხადა ქუთათელაძემ.

მისი თქმით, არავის, მათ შორის, ოჯახის წევრებსაც არ ეგონათ, თუ ისინი ამას გააკეთებდნენ.

„ამბობდნენ, რომ ერთ, ან ორ კვირაში მოგვბეზრდებოდა, მაგრამ შეცდნენ. თავიდან არაფერი გვქონდა. ჩვენი ნაკვეთის წინ ერთი ხე დგას, რომლის ძირასაც მანქანას ვაჩერებდით და მუშას, ხელოსანს, თუ მოურავს, რომელიც მოგვიანებით ავიყვანეთ, პაპანაქება სიცხეში იქ ველოდებოდით. ყველაფერს ნაბიჯ–ნაბიჯ ვაკეთებდით და ეს ყველაფერი უზომოდ სასიამოვნო იყო“, – განაცხადა ქუთათელაძემ.

როგორც ფერმერმა აღნიშნა, თემა საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

„სულ რაღაც სამი კვირააა, რაც ეკრანებზე გამოვჩნდით და ხალხი უკვე ქუჩაშიც გვცნობს. ალბათ, ეს რაღაც სიახლეა და ვერ წარმოიდგენთ, მოტივაცია რამდენ ადამიანს მიეცა, რამდენი გვირეკავს და გვწერს“, – განაცხადა ქუთათელაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რთული, ან მარტივია თავის დამკვიდრება და იყო თუ არა ამ გზაზე გარკვეული წინაღობები, თეა ქუთათელაძემ განაცხადა, რომ ხალხისთვის ამ სფეროში ქალების შესვლა უცნაური იყო. 

„ეს პროექტი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაკეთდა და იქ, როგორც ქალს, რასაკვირველია, არავინ გჩაგრავს, მაგრამ უფრო შოკი იყო, რომ ამ სფეროში ქალები ერთვებოდნენ და ბოლომდე არ სჯეროდათ“, – განაცხადა ქუთათელაძემ.

მისივე თქმით, იყო ისეთი დამოკიდებულებაც, როცა მაგალითად, აგრონომი მამაკაცები არასერიოზულად უყურებდნენ.

„ეცინებოდათ, მაგრამ როცა უკვე ტექნიკურ დეტალებზე გადავდიოდით და ნახულობდნენ, რა რაოდენობის ლიტერატურას ვიცნობდით და ბევრი რამ მათზე უკეთაც ვიცოდით, უკვე იჯერებდნენ. ახლა თვითონაც გვეუბნებიან – პირველ შეხვედრაზე რომ გამოპრანჭულები მოხვედით და არაფერმერულად გამოიყურებოდით, ვიფიქრეთ, ერთობოდით, ან მეუღლეები გყავდათ შეძლებული, ან ვიღაც დამფინანსებლებიო. ადგილზე მოსვლისას „თი-ბი-სი ბანკის“ წარმომადგენლებიც გაოგნებული დარჩნენ“, – განაცხადა თეა ქუთათელაძემ.