თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყების ინიციატივით შექმნილ „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსთან“ პირველი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა. მან, ასევე, წარმოადგინა ხედვა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გაანალიზების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის განხილვისა და მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით თანამშრომლობის წარმართვის კონკრეტულ ასპექტებზე. თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას 2010 წელს დამტკიცებული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის დაწყებასთან დაკავშირებული ინიციატივა გააცნო და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

როგორც მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეები ერთხმად მიესალმნენ სახელმწიფო მინისტრის ინიციატივას, წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და დაადასტურეს საბჭოს ფარგლებში აქტიური მუშაობის, ისევე როგორც ჩართულობის სტრატეგიის გადახედვის პროცესში მონაწილეობის მზაობა და მნიშვნელობა.

„საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასთან შერიგების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენივე ინიციატივით ახლახან დაარსდა და ჩამოყალიბდა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად იმუშავებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გაანალიზების საკითხებზე. ამ ფორმატის შექმნის მთავარ მიზანს, ასევე, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საჭიროებების გამოვლენა და იქ მიმდინარე განვითარებების განხილვა და ჩვენ ამ პროცესში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ჩვენი ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს, რჩევებსა და მოსაზრებებს. ასევე, ახლად შექმნილი ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში დღევანდელი ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი მიზანი იყო ჩვენი ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივის წარდგენა და გაცნობა, 2010 წლის ჩართულობის სტრატეგიისა და მისი თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აპარატში ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის ინიციატივა. შეხვედრის მონაწილეებმა ამ და სხვა მიმართულებებით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ანალიზის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და გამოწვევების განხილვის, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯების შესახებ ექსპერტული მოსაზრებების გაზიარების მიზნით შეიქმნა.

საბჭოს შემადგენლობა კონფლიქტის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და მრავალწლიანი გამოცდილების ექსპერტებით განისაზღვრება; მის მუშაობაში, მოწვეული სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას ასევე იღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

დატოვე კომენტარი