თეა ახვლედიანმა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

14:13, 13.07.2026

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის სტრატეგიული პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო ინიციატივების თაობაზე.

„სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ხედვებსა და ამოცანებზე, რაც, ერთი მხრივ, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ხოლო მეორე მხრივ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი