თეა ახვლედიანმა საქართველოსა და ლიეტუვის წარმომადგენლებს შორის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
თეა ახვლედიანმა საქართველოსა და ლიეტუვის წარმომადგენლებს შორის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ლიეტუვის წარმომადგენლებს შორის გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში სახელწოდებით – „საინფორმაციო საფრთხეები და ჰიბრიდული გამოწვევები მრავალკულტურულ საზოგადოებაში“. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის პოლარიზების, სიძულვილის ენის წახალისების, დემოკრატიული პროცესების დაზიანებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირების მიზნით გამოიყენება.

თეა ახვლედიანმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები. სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში მიმდინარე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე დეზინფორმაციის ზეგავლენის ასპექტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ცრუ ინფორმაციისა და მითების გავრცელების ნეგატიური შედეგები. დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისა და სფეროში ჩართული აქტორების, დაინტერესებული პირებისა და მოსახლეობის ცნობიერების შემდგომი ამაღლების მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

ქართველი და ლიეტუველი კოლეგები აღნიშნულ სფეროში სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ. მრგვალი მაგიდის დისკუსია ლიეტუვის მთავრობასთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული.