თეა ახვლედიანმა საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა
თეა ახვლედიანმა საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა.

სახელმწიფო მინისტრი მარნეულის მეორე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სკოლის ახალგაზრდული თვითმმართველობა საზეიმო ღონისძიებას ატარებდა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მხატვრული ნამუშევრების გამოფენა ნოვრუზის თემაზე, რომლის მონაწილეებსაც სახელმწიფო მინისტრმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შესრულდა ქართული და აზერბაიჯანული ხალხური ტრადიციული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რომლებიც მიეძღვნა ნოვრუზის დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნას.

თეა ახვლედიანმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელობას მიულოცა ნოვრუზ ბაირამი, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის და წარმატებები უსურვა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე ახალგაზრდების როლს და მათ აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში.

„ჩემთვის სასიხარულო და ნამდვილად დიდი პატივია დღეს, პირველად, სახელმწიფო მინისტრის რანგში მივმართო ჩვენს ძვირფას, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და მივულოცო მათ ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც სიცოცხლის განახლების, გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გამოღვიძების ზეიმია და წარმოადგენს მომავლისადმი ოპტიმისტური რწმენის და სოლიდარობის სიმბოლოს. საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და სიძლიერის წყაროს წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნოსების კულტურა და ტრადიციები საქართველოს საერთო კულტურის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის დაცვა, წარმოჩენა, ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და მხარდაჭერა ნამდვილად წარმოადგენს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს ხედვის და პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ძვირფას აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, მათ ოჯახებს და ვუსურვებ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და ბედნიერებას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.