თეა ახვლედიანმა პარლამენტის წევრებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო
თეა ახვლედიანმა პარლამენტის წევრებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

პარლამენტის სამი კომიტეტის – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების გაერთიანებული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრები, მიზნად ისახავდა სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში განსახორციელებელ ქმედებათა განხილვას ქვეყნის არაქართულენოვან მოქალაქეთა შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის გაძლიერების მიზნით.

შეხვედრა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით წარიმართა. თეა ახვლედიანმა დეპუტატებს, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით, დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული მიზნების, ამოცანებისა და ძირითადი აქტივობების შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრა უმნიშვნელოვანესია პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობის გაზრდისა და დასახული ხელშესახები შედეგების მისაღწევად. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც სახელმწიფო მინისტრმა კითხვებს უპასუხა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინა.

„ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებასთან მიმართებით მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას საპარლამენტო განზომილებით. სწორედ ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის ორგანიზებით, დღეს საქართველოს პარლამენტში შედგა ჩვენი სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების, კულტურის კომიტეტების წარმომადგენლები. ჩვენ წარმოვადგინეთ და დეტალურად განვიხილეთ სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად 200-მდე ღონისძიებას აერთიანებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უფრო ფართო შესაძლებლობების შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ჩვენი დღევანდელი მსჯელობა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის წევრებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მათი მხრიდან გამოთქმული მოსაზრებებისა და დასმული შეკითხვების საპასუხოდ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, 2023-24 წლებში სერიოზული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომლის შედეგსაც 2030 წლისთვის მივიღებთ.

„მინდა, საგანგებოდ ხაზი გავუსვა, რომ თემა, რომელზეც კომიტეტში დღეს ვიმსჯელეთ და რომელიც ეხება სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებს, სახელმწიფო სტრატეგიას 2030 წლამდე, არის მაღალპროფესიულ დონეზე გაკეთებული. ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის, და ეროვნებათა შორის ურთიერთობა, რომლითაც გამოირჩეოდა საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე, მსოფლიო დონეზე დაძაბულობის პერიოდში კიდევ დამატებით ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ, ასეთი ტრადიციის მატარებელი ქვეყანა, სამაგალითო უნდა ვიყოთ სხვებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრა წარმატებული და ნაყოფიერი იყო.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე ჩვენ მიერ გაშუქდა ყველა ის მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხი, რომელიც ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს შეხვედრა წარმატებული იყო“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.