თეა ახვლედიანმა კახეთში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ გახსნა და მხარის რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა
თეა ახვლედიანმა კახეთში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ გახსნა და მხარის რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში ტრენინგ-სემინარი „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ გახსნა, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ჩართულობისა და როლის გაძლიერება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ხედვა გააცნო. „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა, რომელსაც ამჯერად ყვარელში ვმასპინძლობთ, საკმაოდ საინტერესო და აქტუალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ახალგაზრდებისთვის. სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ მათთვის საინტერესო, ამომწურავ ინფორმაციას არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არა მარტო გააფართოებს მათ ცნობიერებას, მათ შორის სამოქალაქო ინტეგრაციის პრიორიტეტებზე, არამედ შეუქმნის მათ შესაძლებლობას, რომ მიიღონ სასარგებლო გამოცდილება და უფრო აქტიური როლი ითამაშონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

„თეა ახვლედიანის განცხადებით, ინტერაქციული დისკუსიების და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ფორმატში ტრენინგ-სემინარი მონაწილეებს ხელს შეუწყობს გაიღრმაონ ცოდნა და განავითარონ ახალი უნარები; სხვადასხვა თემაზე მომუშავე მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად იმსჯელონ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ისეთ საკითხებზე, როგორebიცაა: სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, ახალგაზრდების ჩართულობის მექანიზმები და შესაძლებლობები, მედიაწიგნიერება, ადამიანის უფლებები, ციფრული მოქალაქეობა და სხვა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, ახალგაზრდები გაეცნობიან რეგიონის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ადგილობრივი ხელისუფლების როლს ახალგაზრდების გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის განმტკიცების პროცესში.

სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, სამუშაო შეხვედრა გამართა ლაგოდეხის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, თელავის, გურჯაანისa და ახმეტის მუნიციპალიტეტების ახლად არჩეულ მერებთან, რომლის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიეწოდა ინფორმაცია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობაზე, ძირითად პრიორიტეტებზე, დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებზე; განხილულ იქნა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გზები და კონკრეტული მიზნები“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.